მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი

უკან დახევის შემდეგ დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი.

ამის შესახებ ზელენსკიმ 12 ნოემბერს, ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონიდან უკან დახევისას, რუსეთის არმიამ სრულად გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

„საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ოკუპანტებმა გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რუსებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ – ხალხის ტანჯვა და დაცინვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ“.

ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში უკვე აღმოაჩინეს 2000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნაღმი. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეამოწმონ საეჭვო ნივთები თვითნებურად.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ხერსონის მსგავსად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს აუცილებლად შეხვდებიან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის მცხოვრებლებიც.

„ასე იქნება ხერსონის ოლქში მდებარე გენიჩესკშიც, მელიტოპოლშიც. ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში მოვალთ, მოვალთ დონბასშიც. აუცილებლად ვნახავთ, თუ როგორ შეხვდებიან დროშებით ხელში უკრაინულ ძალებს ყირიმში. უკრაინულ დროშებს იქაც ინახავენ და ასობით მოქალაქე გამოვა ქუჩებში ყირიმის გათავისუფლების დღეს“.

ხერსონი რამდენიმე თვე ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ქალაქიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად“.

უკან დახევის შემდეგ დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე – მას შემდეგ, რაც ხერსონი უკრაინელებმა დაიკავეს, რუსეთის არმია ოლქის სოფლებს ბომბავს – არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც. მიზანში, დასახლებულ ზონებთან ერთად, სტრატეგიული სამოქალაქო ობიექტებიც ამოიღეს. ხერსონი კვლავ ყურადღების ცენტრშია. გარდა ამისა, მძიმე ბრძოლების მიმდინარეობს ფრონტის ხაზზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონეცკის მტკიცე დაცვით უკრაინას შეუძლია სხვა მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციები აწარმოოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრებას განაგრძობენ.

“გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუჰანსკის ოლქებში. ხერსონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების მიღება გრძელდება. მტერი განაგრძობს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრებას. განახლებული ინფორმაციით, დადასტურდა, რომ თავდაცვის ძალებმა ხერსონის რეგიონში ოკუპანტების საკონცენტრაციო ბაზაზე იერიშები მიიტანეს. დნიპრიანის დასახლების მიდამოში მაღალი სიზუსტით დარტყმა განხორციელდა შენობაზე. შედეგად, დაღუპული დამპყრობლების ორი სატვირთო მანქანა ტავრისკში გადაიყვანეს. 56 მძიმედ დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 16 მალევე გარდაიცვალა. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტერს 13 დარტყმა მიაყენა. დაზიანდა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 8 უბანი, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების 5 პოზიცია,” – თქვა სტუპუნმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button