მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანტექნიკის დამატებითი პარტია გადასცა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუსუსკასის განცხადებით, ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანტექნიკის დამატებითი პარტია გადასცა.

“ლიეტუვა ასრულებს თავის ვალდებულებებს და ახლა 62 M113 ჯავშანტრანსპორტიორი გაიგზავნა უკრაინაში სხვადსხვა მიზნით”, – თქვა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ლიეტუვის მიერ მიწოდებული 50 M113 ჯავშანტრანსპორტიორი უკვე ჩავიდა უკრაინაში.

9 ნოემბერს, უკრაინაში გერმანიიდან შემოვიდა სამხედრო ტექნიკის ახალი პარტია, კერძოდ, 30 ჯავშანმანქანა Dingo, 18 სადაზვერვო დრონი და რაკეტა Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

ბორელის თქმით, ევროკავშირი პროცედურებს მიჰყვება და რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინადადებაზე მუშაობს.

„ჩვენ გვაქვს რეაგირება, მივყვებით პროცედურებს. წევრი ქვეყნები წარადგენენ წინადადებას, რომელსაც შევისწავლით, გაიმართება კონსულტაციები საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლებთან. შემდეგ წავიწევთ წინ, მაგრამ იყავით დარწმუნებული, რომ ჩვენ არ ვჩერდებით“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონზე კონტროლის აღდგენის შესახებ. მისი თქმით, ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინელებისთვის.

„უკრაინის ფრონტზე ძალიან კარგი ამბებია უკრაინელებისთვის. მათ დაიკავეს ხერსონი, რუსეთის არმია უკან იხევს. ეს ძალიან კარგი ამბავია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სტრატეგია სწორი იყო და ჩვენ ეს მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ზეწმოქმედება რუსეთზე. ჩვენ განვიხილავთ უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სწორი ციფრები ვიცოდეთ“, – აღნიშნა ბორელმა.

მისივე განცხადებით, დღეს ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ მისიას აამოქმედებს, რომლის ფარგლებში 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის წვრთნას.

„დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც უკრაინული არმიისთვის საწვრთნელი მისიის ამოქმედებას გულისხმობს. მისია უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყებს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება რეკორდული სისწრაფით მივიღეთ. მისია დაიწყებს მუშაობას პოლონეთში და კიდევ ბევრი ქვეყანაა, ვისაც ასევე სურს, ჩაერთოს. ამ მისიის ფარგლებში დაახლოებით 15 000 სამხედრო გაივლის ტრენინგებს“, – განაცხადა ბორელმა.

უკრაინაზე საუბრისას ბორელმა ასევე თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გამართვის დროს კიევი თავად განსაზღვრავს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button