ბირთვული ელექტროსადგური კვლავ დაიბომბა
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს დღეს კვლავ დაიბომბა.
სააგენტოს, ცნობით ზაპოროჟიეს სადგურს 12-ზე მეტი რაკეტით დაესხნენ თავს. IAEA-მ შემთხვევა დაგმო.
ადგილზე მყოფი IAEA-ს ჯგუფის თქმით, ზიანი მიადგა სადგურის ზოგიერთ შენობას, სისტემასა და აღჭურვილობას.
„ჩვენი ჯგუფისგან გუშინ და დღეს დილით მიღებული ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია.
აფეთქებები მოხდა ამ მნიშვნელოვანი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ვინც არ უნდა იყოს ამის უკან ეს მყისიერად უნდა შეწყდეს. როგორც აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, ცეცხლს ეთამაშებით“ – განაცხადა IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
გროსიმ უკრაინასა და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა ბირთვული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის მყისიერად დაწესებისკენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ დაბომბა ის ელექტროენერგიის წყარო, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამარაგებდა. რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია TASS კი რუსულ ბირთვული ენერგიის სააგენტოზე როსენერგოატომზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინამ სადგურის ზოგიერთი საცავი დაიბომბა.
„მათ არა მხოლოდ გუშინ, ასევე დღესაც დაბომბეს, ახლაც ბომბავენ“ – განაცხადა როსენერგოატომის დირექტორმა, რენატ ქარჩამ და აღნიშნა, რომ სადგურზე ნებისმიერი ტიპის თავდასხმა ბირთვულ უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან საფრთხეებს აჩენს.
უკრაინას მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მხრიდან რამდენჯერმე დაიბომბა. რუსეთმა ზაპოროჟიეს სადგურზე თავდასხმაში უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე უკრაინის ელექტროენერგიის დაახლოებით მეხუთედს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებდა. თავდასხმების გამო, სადგურის სარეზერვო გენერატორებზე გადართვა არაერთხელ გახდა საჭირო.