თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს მებრძოლებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მანამდე თურქეთს რუსეთმა მოუწოდა, რომ თავშეკავება გამოიჩინოს სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია.
რუსეთის ელჩის თქმით, რუსეთმა ბოლო თვეებში ყველაფერი გააკეთა რაც შესაძლებელი იყო, რათა თურქეთის მიერ სირიაში ფართომასშტაბიანი შეტევითი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ დაეშვა.
თურქეთმა საჰაერო ოპერაცია სირიის ქალაქების – თალ რიფათისა და ქობანის სიახლოვეს კვირას დაიწყო და ავიადარტყმები განახორციელა ქურთი მებრძოლების ბაზებზე. ანკარა მათ პასუხისმგებლობას აკისრებს 13 ნოემბერს სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენ რამდენიმე დღეა, თვითმფრინავებითა და იარაღით ვუტევთ ტერორისტებს. ჩვენ ამოვძირკვავთ მათ, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ერდოღანმა.
ანკარამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიასა და ერაყში კვირას დარტყმები განახორციელა. თურქეთში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმები სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ განახორციელეს.
როგორც „როიტერი“ წერს, „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებით, თურქეთის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ავიადარტყმებს 15 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.