მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები კვლავ ეხმარებიან უკრაინას

უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალურ ფასზე ზედა ზღვარს „დიდ შვიდეულთან“ და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს“, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 23 ნოემბერს განხორციელებული მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გერმანიას მიმართა, უკრაინას გადასცეს პოლონეთისთვის შეთავაზებული საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot-ი.

ბლაშჩაკის წინადადებაა, რომ ეს სისტემები განთავსდეს უკრაინის დასავლეთ საზღვართან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა ქვეყანას დაიცავს შემდგომი მსხვერპლისა და ენერგომომარაგების შეწყვეტისგან და გაზრდის უსაფრთხოებას პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე. ამ წინადადებაზე გერმანიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი მას შემდეგ შესთავაზა, რაც 15 ნოემბერს, უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევისას, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლონეთის, აშშ-ის და ნატოს განცხადებით, პშევოდუვში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა, თუმცა, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს.

23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. დაიღუპა 10 ადამიანი.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.
უნგრეთი უკრაინას 187 მილიონი ევროს (195 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა ხელი. ეს იქნება უნგრეთის წვლილი ევროკავშირის მიერ დაგეგმილი დახმარების პაკეტში, რომელიც მთლიანობაში 18 მილიარდ ევროს მოიცავს.

ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ამის გაკეთება ორმხრივად, ევროკავშირის გარეშე უნდა.

განკარგულებაში ასევე წერია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ფინანსური დახმარებისთვის საჭირო შეთანხმების შესამუშავებლად.

მანამდე, ცნობილი გახდა რომ ევროპარლამენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 18 მილიარდ ევროს გამოყოფს.

“9 თვე კრემლის განურჩეველი ომის დაწყებიდან, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება. ჩვენ პოზიციას არ შევცვლით”, – დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ცნობისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 78 სარაკეტო და 23 საავიაციო იერიში განახორციელა, კიევის 70 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დასახლებული პუნქტებისა და საჯარისო შენაერთების პოზიციების წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 70-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსმა სამხედროებმა კიევის, ვინიცის, ლვოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში 67 ფრთოსანი რაკეტა და 10 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს.

როგორც გენშტაბი იუწყება, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 51 რაკეტა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსეთის თავდასხმები დონეცკის ოლქის ანდრეევკას, ბახმუტის, კლიშჩიევკას, კრასნოგოროვკას, მარინკას, ოზარიანოვკას, ოპიტნოესა და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button