საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის გარანტიების საჭიროებაზე საუბრობს

უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონის თქმით, დასავლეთმა უნდა მოიფიქროს, თუ როგორ დაკმაყოფილდეს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება, თუ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულებაზე. მისივე თქმით, ევროპამ უნდა მოამზადოს თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა.
“ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა – არის შიში იმისა, რომ ნატო მის კარს მიაღწევს და ასევე, იარაღის განლაგების საკითხი, რომელიც, შეიძლება, დაემუქროს რუსეთს. ეს თემა იქნება მშვიდობის თემების ნაწილი. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რისი გაკეთებისთვისაც მზად ვართ, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება,” – განაცხადა მაკრონმა.
უკრაინა უარს აცხადებს რუსეთთან მოლაპარაკებაზე მანამ, სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას. 2 დეკემბერს, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მზადაა პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ მას ომის დამთავრება სურს. ასეთი მზადყოფნის ერთ-ერთ პირობად თეთრი სახლი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას მიიჩნევს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ განცხადების პასუხად განაცხადა, რომ ეს მოსკოვისთვის მიუღებელია.
ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა პირობა დადო, რომ უკრაინისგან არ მოითხოვს „ისეთი კომპრომისების დაშვებას, რისთვისაც მზად არ არის”, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ პუტინთან მოლაპაკებებს იმ შემთხვევაში, თუ ის ომის დამთავრებაზე თანხმობას განაცხადებდა, ნატოს მოკავშირეებთან კონსულტაციით ჩაატარებდა.3 დეკემბერს, კიევში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას გულწრფელი არ არის.
“დიპლომატია აშკარად ყველას მიზანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მეორე მხარესაც სურდეს. და ძალიან ნათელია, რომ პუტინი ამისთვის მზად არ არის. ამას ადასტურებს როგორც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ისე კრემლის რიტორიკა” – თქვა ნულანდმა 3 დეკემბერს. ის კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა.უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით არახამიამ, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, 4 დეკემბერს „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები და ამისთვის საკმარისია:
რუსეთმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია;
რეპარაციების [ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ომის დამწყებად შერაცხილი სახელმწიფო უხდის გამარჯვებულ ქვეყანას – რ.თ.] გადახდა;
ომის ყველა დამნაშავის დასჯა;
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებაყოფლობით დათმობა.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, – წერს არახამია.