მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის დენის გონჩარის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა გადაწყვიტოს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლება და მის მოქალაქეებთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაცია აამოქმედოს.

ამასთან, როგორც გონჩარმა TASS-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ფრენების განახლდება “თუკი აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება”.

“რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება – თბილისში პირობები ცნობილია – არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას”, – თქვა გონჩარმა.

რუსი დიპლომატის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორნიშნა ციფრამდე რუსეთიდან შემომავალი ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით გაიზარდა.

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების დროებითი აკრძალვა ძალაში 2019 წლის 8 ივლისიდან შევიდა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 20 ივნისს თბილისში კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო. ამავე, დღეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ. ფრენა აეკრძალათ კომერციულ ავიაკომპანიებსაც.

შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით “რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button