უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდა

უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებენ.
“ამა წლის განმავლობაში ევროკავშირმა, წევრმა სახელმწიფოებმა და მისმა საფინანსო დაწესებულებებმა [უკრაინას] 19 მილიარდ ევროზე მეტი გადასცეს. ჩვენ შემდეგ წელს ვუყურებთ, და ძალიან კარგი ამბები მაქვს, რადგან გუშინ საღამოს მოვახერხეთ უკრაინისთვის 18 მილიარდ ევროზე შეთანხმება, 1.5 მილიარდი ევრო ყოველთვიურად – ეს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების მუდმივი ნაკადია”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პარტნიორებს რთულ დროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ევროკავშირის ყველა 27-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მიწოდებას. ერთიანობის მნიშვნელოვანი სიგნალია”, – წერს ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე.
ამასთან დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ზომები მიზნად ისახავს რუს სამხედრო მეთაურებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმაში, ასევე, ირანელ ბიზნესმენებს, რომლებიც კრემლისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ.
12 სანქცირებულ რუს მეთაურს შორის მოხვდა გენერალ-მაიორი რობერტ ბარანოვი, რომელიც “Bellingcat”-ის გამოძიების მიხედვით, რუსული საკრუიზო რაკეტების დაპროგრამებისა და დამიზნების მეთაური იყო.
სანქციები შეეხება რუს მაღალჩინოსნებსაც რუსეთის არმიაში მათი როლისა და უკრაინაში არაადამიანური, არაპროვოცირებული შეჭრის გამო.
“დღევანდელი სანქციები მოიცავს პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამ თვითმფრინავების წარმოებას, მათ შორის MADO-ს თანამფლობელი და მმართველი დირექტორი, კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია იმ დრონების ძრავების წარმოებაზე, რომლებსაც რუსეთი იყენებდა უკრაინაში”, – წერია განცხადებაში.
ეს სანქციების მე-16 პაკეტია, რომელიც ბრიტანეთმა მიიღო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს – აღნიშნული ჯო ბაიდენმა, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვირჯინიში მგზავრობისას განუცხადა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ვაგზავნით თუ არა ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე ვაკეთებდით” – აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს თხოვნით მიმართა, რომ კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყოს, საიდანაც 21,7 მილიარდი დოლაღი სამხედრო აღჭურვილობებისთვის იქნება გათვალისწინებული.