მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 295-ე დღე, უკრაინა ისევ იბომბება რუსეთის მიერ

ომის 295-ე დღე – რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ენერგოტერორს აგრძელებს. უკრაინელმა სახმედროებმა, ამ კვირის განმავლობაში, მხოლოდ დედაქალაქის თავზე, 13 ირანული დრონის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინელთა თქმით, დრონების შესაძლო სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონს ცეცხლი გაუხსნეს.
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა, რომ რუსული ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ შენობებს ქალაქის დნიპროვსკის რაიონში, რომელიც გასულ თვეში უკრაინელმა ძალებმა გაათავისუფლეს.

“რუსული დაბომბვის შედეგად ბავშვი დაიღუპა. ექიმები ბიჭის რეანიმაციას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ”, – თქვა მან
მისი თქმით, კიდევ ორი დაიჭრა.

იანუშევიჩის თქმით, სამშაბათს ხერსონი 42-ჯერ დაიბომბა.
საჰაერო თავდასხმა ქალაქის ცენტრზე განხორციელდა. წინასწარი ცნობებით, თავდასხმის დროს სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, რუსი სამხედროები დეოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ დაბომბვას ახორციელებენ. მხოლოდ 14 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 86-ჯერ გაისროლეს არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

„მტერმა კვლავ დაბომბა ქალაქის ცენტრი. წუხელ ერთი რაკეტა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდგარ შენობას მოხვდა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.

ტიმოშენკოს თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და ოლქის დანარჩენი ნაწილიც, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, 11 ნოემბერს დატოვეს და დაბანაკდნენ მარცხენა ნაპირზე, საიდანაც პერიოდულად უტევენ ქალაქს. ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის ოლქი რუსეთის რეგიონად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი დროებით ოკუპირებული ენერგოდარიდან გახსნეს.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სახლები, მაღაზიები, სკოლა და კოლეჯი.

რუსი ოკუპანტები უკვე ემზადებიან დროებით ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმების მოსაგერიებლად.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსები უკრაინული ჯარების დესანტის შიშით აშენებენ სიმაგრეებს სანაპირო ზოლზე.

“რასისტები ოკუპირებულ ყირიმში ცდილობენ დამატებით გააძლიერონ სანაპირო ზოლი, უკრაინული ჯარების დესანტის შიშით. კერძოდ, ახლახან დამონტაჟდა ბარიერების ქსელი სოფელ მოლოხნესთან (საქსკის რაიონი) სანაპიროზე. გარდა ამისა, დამონტაჟებულია ე.წ. “დრაკონის კბილები”, იგივე ბეტონის პირამიდები, რომლებმაც სავარაუდოდ უნდა შეაჩეროს მძიმე ტექნიკის წინსვლა” აცხადებს უკრაინის დაზვერვა და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button