მოშიმშილე აბდულა ისმაილოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამი დეპუტატი, თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე შიმშილობას მე-4 დღეა, განაგრძობენ, თუმცა მათ რიგებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოაკლდა კიდევ ერთი მოშიმშილე, აბდულა ისმაილოვი.
თემურ ჯანაშიას თქმით, ყველა მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
“ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და ეს ბოლო 2 დღე. იგი გავუშვით სახლში, რადგან არ შეიძლებოდა უკვე მისი გაჩერება”, – თქვა ჯანაშიამ.
დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს მხნედ გრძნობენ და გააგრძელებენ პროტესტს, მიზნის მიღწევამდე.
“ჩვენ ვართ მხნედ და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელიც არ აპირებს შეეგუოს იმას, რაც ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავს, ამ დიდ უსამართლობას, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ჩვენი ეს აქტი ასევე უამრავია დამიანის, რომლებმაც დავინახეთ, რომ ხმა აიმაღლეს უკვე ამ უსამართლობის წინააღმდეგ ამ მკვლელობის წინააღმდეგ”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
15 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანამდე ენმ-ის რამდენიმე დეპუტატი შიმშილობას აცხადებს.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.
მოშიმშილეების მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
17 დეკემბრიდან დეპუტატები შიმშილობას სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, პარლამენტის ფრაქციის ოთახში აგრძელებენ.
22 დეკემბერს სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
“სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც – მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ კოლეგების პროტესტის აქტს, შიმშილობას აფასებს, თუმცა მათ მოსანახულებლად პარლამენტში “ბევრი მიზეზის გამო” ვერ მივა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მელია აღნიშნავს, რომ მის თანაგუნდელებს კომუნიკაციის სხვა გზებით ეკონტაქტება.
“დასაფასებელია, პატივსაცემია ესა თუ ის ფორმა, მათ შორის, მოშიმშილეების, თუმცა ფიზიკურად ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. იცით ჩემი დამოკიდებულება პარლამენტთან მიმართებით. სხვადასხვა ფორმა არსებობს კომუნიკაციის. ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ფიზიკურად არ იქნება.
მე დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობას პარლამენტში ყოფნა არ სიამოვნებს. რაც შეეხება პარლამენტში მანდატების დატოვება-არდატოვებას, ამას პროცესი გვაჩვენებს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას”.
პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამი დეპუტატი, თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე შიმშილობას მე-4 დღეა, განაგრძობენ.