მნიშვნელოვანისიახლეები

ანი წითლიძე, ექიმების მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე, ექიმების მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას ვიდრე ხელისუფლება არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილებას.

„დღეს არის დღე, როცა დაიბადა ქრისტე, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უყავი შენს მოძულეებსო. ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი და მისი სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას“, – განაცხადა ანი წითლეძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე მე-11 დღეა შიმშილობს. როგორც მედიკოსები ამბობენ, მოშიმშილე დეპუტატი სითხესაც კი შეზღუდულად იღებს, რის გამოც ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია მოხდეს წონის მკვეთრი დეკომპენსაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 16 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმაც.

საქართველოს პარლამენტში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან მედიკოსები, რომლებიც მოშიმშილე დეპუტატს მუდმივ მონიტორინგს უწევენ. მათი თქმით, ანი წითლიძეს სხეულის წონის 11 კგ-ზე მეტი აქვს დაკარგული.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე ექიმმა მოინახულა. მისი შეფასებით, მდგომარეობა უკვე საშიში ხდება, რადგან მომდევნო დღეებში შესაძლოა, წონის 40-50%-ით დეკომპენსაცია დაიწყოს, რითაც წითლიძის სიცოცხლისთვის საფრთხე იქნება.

“პაციენტი ძალიან მკაცრად შიმშილობს, საერთოდ არაფერს იღებს, წყალსაც კი ნახევარ ლიტრას, მეტს არა, ერთ ჭიქა ყავას და სულ ესაა. რა თქმა უნდა, ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად, რახან ორგანიზმში არ აქვს ქრონიკული დაავადებები, ახასიათებს შეაცნობინოს სტაბილურობა მე-11 დღეს, მაგრამ უკვე საშიში ხდება, იმიტომ რომ წონის დეკომპენსაცია შეიძლება მოხდეს 40-50%-ით რაც მისი სიცოცხლისთვის იქნება საფრთხე”, – ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ რომ ანი წითლიძემ დღეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მისი თქმით, ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button