უკრაინელები მზად არიან რუსეთის შემდეგი სარაკეტო დარტყმისთვის

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინელები მზად არიან რუსეთის შემდეგი სარაკეტო დარტყმისთვის.
“რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ვემზადებით დარტყმისთვის, წარსული დარტყმის შემდეგ. ყველა თავდაცვის ძალები, არა მხოლოდ საჰაერო ძალები, არამედ ყველა, ვინც იცავს საჰაერო სივრცეს. მთელი თავდაცვის ძალები ელოდება, ემზადება, ძლიერდება. დამატებითი დახმარება მოდის”, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
ოქტომბრის დასაწყისიდან, რუსებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკვე ცხრა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს რაკეტები უკრაინაზე 2-3 მასიური დარტყმისთვის დარჩა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთი ჯერ კვირაში ერთხელ ურტყამდა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, შემდეგ 10 დღეში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ და ახლა პაუზა კიდევ უფრო გრძელდება.
“დროის ეს პერიოდი განპირობებულია მხოლოდ ერთი პრობლემით: რუსული სარაკეტო არსენალის დროებითი შემცირებით. მათი ინდუსტრია ვერ ახერხებს დაფაროს ის თანხა, რასაც ისინი ხარჯავენ. მათი მცდელობის მიუხედავად, ეს არარეალურია”, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, პლოშანკას, ნევსკეს, ჩერვონოპოპოკას და დონეცკის ოლქის ვესელეს, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუცკეს, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კურდიუმივკას, მაიორსკის, ვოდიანეს, კრასნოჰორივკას და მარინკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 1 საჰაერო და 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 16 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე ცეცხლსასროლი იარაღით, არტილერიითა და ტანკებით უტევდა სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.
უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 5 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 9 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის თავმოყრის 2 რაიონი.