რუსეთი ყურადღებას ამახვილებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების აღებაზე, მაგრამ წარმატება არ აქვს

რუსული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით; ასევე ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია კუპიანსკის მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების აღებაზე, მაგრამ წარმატება არ აქვს.
უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოწინააღმდეგის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საშიშროება ისევ რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ბოლო ერთ დღეში რუსული ჯარების კონცენტრაციის ორი ზონა დაბომბეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 31 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა და 73 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ბახმუტის, ავდეევკის და ლიმანის მიმართულებებს და ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს კუპიანსკის მიმართულებით.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 11 და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან.
გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 7 რაიონი.
ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ და ლუჰანსკის მიწას ათავისუფლებენ.
“რუსები დემორალიზებული არიან შეიარაღებული ძალების წარმატებებით და მუდმივი ბულინგით მათ არმიაში. დანებების მსურველები დახვრიტეს.
მოინახულეთ ჩვენი დამცველები ფრონტის ხაზზე. განწყობა საბრძოლოა, მოტივაცია შესაშური. ჩვენი თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ, ლუჰანსკის მიწას ათავისუფლებენ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.