ესტონეთი რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს

ესტონეთი, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს. როგორც გამოცემა Bloomberg წერს, ქვეყანა რუსული აქტივების კონფისკაციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნას ამ თვეში გეგმავს.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მიკჰელ ტამის განცხადებაზე დაყრდნობით წერს სააგენტო „ბლუმბერგი“.
საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესი, სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება – საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ორშაბათს განაცხადა, მთავრობამ შესაბამის სამინისტროებს გეგმის მომზადება დეკემბერში დაავალა. ესტონეთს გაყინული აქვს 20 მილიონი ევროს რუსული აქტივები.
მედიის ცნობით, ესტონეთი ამ მექანიზმის წარდგენას მანამდე აპირებს, სანამ ევროკომისია რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საერთო გეგმას შეიმუშავებს.
ქვეყნის პრემიერმინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად მუშაობა უნდა გააგრძელონ და გაყინული რუსული აქტივები გამოიყენონ. ამ დროისთვის ესტონეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების ღირებულება, დაახლოებით, 20 მილიონი ევროა.
ტალინი საკუთარ გეგმას წარმოადგენს იმ დროისთვის, როცა ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის გაყინული 300 მილიარდი ევროს რეზერვის და სანქცირებული რუსებისთვის გაყინული ქონების განკარგვის შეთანხმება. შესაბამისად, ესტონეთის გეგმამ შესაძლოა, განსაზღვროს ევროკავშირის დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაც.