საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.
კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი.
“ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი,რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.”- განაცხადა დარჩიაშვილმა.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.