უკრაინა რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, მაშინ ამ ქვეყანაში ახლა ომი არ იქნებოდა
მსოფლიოს ქვეყნები კვლავ უკრაინის გვერდით დგას

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალის შექმნას კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება. ტერორისგან თავდაცვისთვის დახმარებაში ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.
“მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან. რუსეთი კაცობრიობის მტრად გადაიქცა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ტერორისგან თავდაცვაში. მსოფლიო ისმენს უკრაინის ხმას დავოსში. იქ იციან, რა გააკეთა რუსეთმა დნიპროში, რას უკეთებენ ხერსონს, ხარკოვს, ჩვენს დონბასსა და სხვა ტერიტორიებს, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა. ჩვენ ვლობირებთ ტერორისტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალისა და ომის შედეგად მიყენებული ზიანის რუსული აქტივებით კომპენსირების სპეცმექანიზმის შექმნას ამ კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება,” – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნა, გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალიები“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძვლად სწორედ ეს პირობები დაასახელა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან იანვრის დამდეგს გამართულ შეხვედრაზე.
ბლინკენის თქმით, ასეთი პოზიცია კონტრპროდუქტიულია.
„უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები, აღიაროს ახალი ტერიტორიული რეალიები, მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკებების პროცესის მოგვარების საშუალებას“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
კლევერლი ვაშინგტონში ვიზიტით პირველად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.
დიდი ბრიტანეთი და აშშ თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინაში ომის დასრულებისა და დიპლომატიაზე გადასვლის ყველაზე სწრაფი გზა არის ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციების გაძლიერება.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ მათი ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის უზრუნველყოფას ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსეთის აგრესიის წარმატებით მოგერიებისთვის.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა ნათელყოფს, რომ უკვე აზრი აღარა აქვს კიევის შეკავებას ნატოში შესვლისგან. ასეთი განცხადება გააკეთა შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, 99 წლის ჰენრი კისინჯერმა, რომელიც ადრე მხარს არ უჭერდა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში უკრაინის გაწევრიანებას.
„უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა ამ პირობებში უკვე აზრს კარგავს“, – აღნიშნა კისინჯერმა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩაერთო ფორუმის მუშაობაში. მან ასევე თქვა, რომ ნატოში უკრაინის წევრობა „შესაფერისი შედეგი“ იქნებოდა შექმნილ ვითარებაში.
შარშან, მაისის ბოლოს, გავრცელდა ცნობები, რომ კისინჯერმა კიევს შესთავაზა, ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებულიყო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ეს იდეა. კისინჯერი, სხვათა შორის, კვლავაც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას „შეჭრის ხაზის გასწვრივ“, რათა არ მოხდეს ომის ესკალაცია. ამის შედეგად, როგორც დავოსში მისი განცხადებიდან ჩანს, სამშვიდობო დიალოგს შესაძლოა სხვა შეთანხმებები მოჰყვეს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა დავოსის ფორუმზე იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთმა „თავისთვის გაკვეთილი ისწავლა, როგორ მოიქცეს რუსეთთან“. უკრაინა რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, მაშინ ამ ქვეყანაში ახლა ომი არ იქნებოდა, აღნიშნა მარინმა. მისი სიტყვებით, სწორედ ამ მიზეზით შეიტანეს ფინეთმა და შვედეთმა განაცხადები ნატოში გასაწევრიანებლად.
ევროპარლამენტარები სტრასბურგში უკრაინის კრიზისს და მის შედეგებს განიხილავენ. ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, რომლებმაც დეკემბერში ევროკავშირის ბოლო სამიტზე გააკეთეს აქცენტი. ევროპული საბჭოს ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირმა რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს და თან სწრაფად. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირმა რუსულ გაზზე უარის თქმა შეძლო და ახლა ევროპული გაერთიანების მთავარი მიზანი მომდევნო ზამთრისთვის მომზადება უნდა გახდეს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირმა უნდა დაანახოს საკუთარ მოქალაქეებს რომ გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.
“მამაცი უკრაინელები გადარჩენისთვის იბრძვიან. ჩვენ აუცილებელია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ეს უნდა გავაკეთოთ ახლა და თან სწრაფად. ჩვენ უკრაინას ფინანსურ დახმარებასაც ვუწევთ. გამოვყავით 18 მილიარდი ევროს მაკრო ფინანსური დახმარება, იმისთვის რომ უკრაინამ შეძლოს მკაცრი ზამთარი გადაიტანოს. ევროპის მოქალაქეებმა იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერით მშვიდობას და დემოკრატიას ეხმარებიან. თქვენ იცით რომ ევროკავშირი და ამერიკა ახლო მოკავშირეები ვართ, თუმცა მოკავშირეებს შორისაც შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს. იმედი მაქვს შტატებთან პროდუქტიულ შედეგებზე გავალთ. ვფიქრობ სამართლიანი იქნება თუ ევროპული კომპანიები ისეთივე პოზიციაში თუ იქნებიან ამერიკასთან მიმართებით როგორც კანადელები და მექსიკელები. მაგრამ ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი ამერიკელების ნებას. ჩვენ უნდა ვანახოთ ევროპელ მოქალაქეებს რომ გამოწვევასთან გამკლავება შეგვიძლია,” – აცხადებს შარლ მიშელი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეცდომა იყო, რომელიც ევროკავშირმა გამოასწორა.
“წელიწადზე ნაკლებ დროში უარი ვთქვით რუსულ ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე. როცა პუტინმა გადაწყვიტა ევროპისთვის 80 პროცენტით გზის მიწოდება შეეწყვიტა, ჩვენ შევძელით გავმკლავებოდით რუსეთის შანტაჟს. რუსეთზე დამოკიდებულება ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იყო, ჩვენ ეს შეცდომა გამოვასწორეთ და თავიც გავითავისუფლეთ. ეს ყველაფერი არის ერთიანობისა კოლექტიური შრომის შედეგი, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. თუმცა აუცილებელია შემდეგი ზამთრისთვისაც მოვემზადოთ , რაზეც უკვე მუშაობს ევროკავშირი,” – ამბობს ფონ დერ ლაიენი.