მნიშვნელოვანისიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა:

კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა – პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება), ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ
არ დაუდგენია მეორე მუხლის დარღვევა – არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).
სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კერძოდ, ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. თუმცა მან მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.

2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ამას წინ უძღოდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, ახმედ ჩატაევმა კი თვითლიკვიდაცია მოახდინა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი, საკუთარ საძინებელში, თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად კლინიკაში გარდაიცვალა.

სუს-ის მტკიცებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან, მათ შორის ახმედ ჩატაევთან. უწყება ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რის გამოც სპეცრაზმელმა “პროპორციული ძალა” გამოიყენა და მას ესროლა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვერსიას უარყოფდა და აცხადებდა, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო და მას მძინარეს ესროლეს. ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა, რის გამოც მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რამდენიმე თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებს მართავდა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან კავშირში, სუს-ის თანამშრომლის მიერ, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, თუმცა 2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და განაცხადა, რომ “თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, რის გამოც, სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სიცოცხლის ხელყოფისა და “აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე” განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალები შეისწავლა. მასალებიდან ირკვეოდა, რომ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არსებობდა სერიოზული კითხვები. EMC-ს შეფასებით, გამოძიების ცალკეული გარემოებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ბოლო წლებში უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევაა და სუს-ის მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს უფლების დარღვევის აშკარა ნიშნებს ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button