კრიმინალი

ბედისწერას ვერ გავექცევით – ლია კამლაძის ბლოგი

მივლინება გვაქვს დედოფლისწყაროში . სამი გოგო ერთ-ერთის ბებიის სახლში, სოფელ ტიბაანში ვცხოვრობთ (დედოფლისწყარო და ტიბაანი მეზობლობენ). საქმე არც ისე ბევრი გვაქვს და საღამოებს ჰამაკში, ჭორაობაში ვატარებთ.

ერთ დღესაც სოფლის ექიმი გვესტუმრა (გამგებლის და ერთადერთი, ,,ყველაფრის ექიმის” ავტორიტეტი თითქმის თანაბარია).

მოწყენილებს, ექიმმა გოგონამ შემოგვთავაზა, აქვე, სოფლის ბოლოს, ერთი ქალია, ნათელმხილველის უნარი გააჩნია და ხომ არ წავიდეთო. იდეა სიხარულით იქნა გაზიარებული და იმავე საღამოს გადავწყვიტეთ წასვლა.

სოფლის ბოლოს, ორსართულიან სახლს მივადექით. ტიპიურმა ქართველმა გლეხმა (გაბანჯგვლულმა, ღიპიანმა), გვითხრა, რომ მისი ცოლი სახლში არ იყო და დალოდება გვირჩია,- მალე მოვაო.

ველოდები ამ კაცის შესაფერ ფაშფაშა გლეხის ქალს და ამ დროს ვხედავ, მინდორში მოდის მაღალი, ზომიერად სრული, იშვიათი აღნაგობის ქალი, ,,მოქნეული გავაზივითა”, (ლადო ასათიანი გამახსენდა), მოგვიახლოვდა და მართლა პირი დავაღე: შავგვრემან სახეზე მწვანე თვალები უელავს, მსხვილი, ხორციანი ტუჩები ოდნავ ირონიას გამოხატავენ, ისე აზიდულან ერთ მხარეს…მოკლედ, ჩითის კაბაშიც კი დედოფალია…სანამ მე ამ ქალის გარეგნობას ვაფასებდი, ჩვენმა ექიმმა თხოვა, ,,სტუმარი გოგოები არიან და იქნებ უმკითხაო” -ო…

,,ხომ იცი, ღამით მიჭირს, ვერ ვხედავ, მაგრამ შენ უარს ვერ გეტყვი”-ო…შეგვიპატიჟეს სახლში. უსუფთაო და არეული სახლი როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი,-არაფერი…საშინელებაა, ისე დავიძაბე, დაჭიმული ვზივარ და ვცდილობ, არაფერს შევეხო და არაფერი შემეხოს…ჩემს მეგობარ ლალის ეს პრობლემა არ აღელვებს, გადაწოლილია გაზინთულ სავარძელში, სიამოვნებით აკნატუნებს ბინძურ ღუმელზე მოსახალად დაყრილ მზესუმზირას…

ჩემს ზურგს უკან ტანსაცმლის კარადაა, საიდანაც მოულოდნელად ხმაური მესმის. ცხადია, შევშფოთდი და კარადის კარებს მივაჩერდი. იქიდან კატის კნუტები გადმოცვივდნენ, მათი დედა კი, ამაყად მიმოდიოდა ჩვენს შორის…დიასახლისმა (?) ყავა მოადუღა, მე ყავას არ ვსვამ, მაგრამ როცა ყავის ჭიქასთან კატა მივიდა და ცხვირი ჩაყო, აღვშფოთდი, თანაც ხმამაღლა ვერ გამოვხატავ, მერიდება: ,,გადი ფისო” – ვუქნევ ხელს..შავგვრემანმა ქალბატონმა გამგმირავი მზერა მესროლა და კბილებში გამოცრა: ,,კატა ყავას არ სვამს” (ჩვენს შორის გამოუცხადებელი ომია,- ისიც გრძნობს ჩემს დამოკიდებულებას და მეც)….

პატარა გოგონა ჭურჭელს რეცხავს (დედას ჰგავს, ძალიან ეშხიანია), ძლივს გავიღიმე, გამეხარდა, ვიღაცას მაინც რომ აწუხებდა სისუფთავე ამ სახლში. ,,რა კარგი გოგონაა, თანაც გეხმარებათ”…

,,კიიი, როგორ არა, მაგ საქმეში 5-ლარს იღებს”-ო-მიპასუხა დედამისმა (აღარ ვიცი რა ემოცია გამოვხატო)…ქალბატონს მე აშკარად არ მოვწონვარ, წინ დამისვა და თვალებში მიყურებს…მწვანე თვალები გამიშტერა და თითქოს სხეულში ყინულოვანმა სითხემ დამიარა, გამაცია…

,,შენი აურა არ მიშვებს, გარსი გაქვს შემოკრული, დაიჯერე და გაიხსენი”-მეუბნება…(უკვე არაფერი აღარ მინდა, სახლში წასვლის გარდა)…ქალი რაღაცეებს მეუბნება და ვხვდები, რომ ავფორიაქდი…ზოგადად, მშვიდი ადამიანი ვარ, წონასწორობას იშვიათად ვკარგავ, მაგრამ ისეთებს მეუბნება (ჩემთვის ძალიან მიუღებელს, მომავლის პერსპექტივას), არ მახსოვს, თურმე მაგიდაზე ხელს ვურტყამ და ვუყვირი ,,ეს არ მოხდება”…შავგვრემანი ქალბატონი არ აღელვებულა.

,,მოხვალ და მეტყვი, რომ არ ახდა?”… დიახ, მოვალ და გეტყვით” …კოშმარი ღამე მქონდა, ვერ დავწყნარდი (ვნანობ, საერთოდ რომ მოვინდომე ჩემი მომავლის გაგება)…ამ ამბიდან 18-წელი გავიდა და რა?!…რისთვისაც ვიყვირე და მაგიდაზე მუშტები ვაბრახუნე, ის ახდა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შავგვრემანი ქალბატონის წინასწარმეტყველება აცხადდეს…

ბედისწერას ვერ გავექცევით, პირიქით, მისკენ ვიჩქარით, თუნდაც ფარვანასავით ფრთები დაგვეწვას (ცეცხლის ალს ხომ მაინც მივუახლოვდებით)

მსგავსი პოსტები

Back to top button