მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას შედეგები მოჰყვება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდებს, იყვნენ გარდამტეხი ძალა და უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლები გადასცენ. ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში, ელისეის სასახლეში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის ორი ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

„საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები და სწორედ ასე ვხედავ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებას. ეს ცხადია. რაც უფრო მალე მივიღებთ შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და ჩვენი პილოტები მიიღებენ თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება ეს რუსული აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქს გაერთიანებული სამეფოდან ეწვია. ის ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცთან ერთად ვახშამს დაესწრო.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის გამარჯვებამდე მიყვანას ისახავს მიზნად.

„უკრაინას შეუძლია, ამაში საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს, რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა მაკრონმა, რომლის თქმითაც, საფრანგეთი აუცილებლად მიაწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას.

ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც.

პარიზის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დღეს უკვე ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროკავშირს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის ვალდებულება არ აუღია. ამის შესახებ Bloomberg-ი ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

“ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ გააგებინეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ისინი მზად არიან უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გადასცენ, მაგრამ გამანადგურებლების გადაცემის ვალდებულება ჯერ არავის აუღია”, – წერს გამოცემა.

Bloomberg ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნებამდე ზელენსკი “ევროპელი ლიდერების მცირე ჯგუფებთან” 30-წუთიანი შეხვედრების გამართვას გეგმავს.

ცნობისთვის, აქამდე ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე გარკვეული დადებითი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს, მაგრამ საჭირო არ არის რუსეთმა მათ შესახებ იცოდეს.

ლონდონში რუსეთის საელჩო იმუქრება, რომ თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას შედეგები მოჰყვება ევროპის კონტინენტისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. საელჩოს განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novasti ავრცელებს.

“გვსურს შევახსენოთ ლონდონს: ასეთ სცენარში, სწორედ მის სინდისზე იქნება მორიგი ესკალაციის “სისხლიანი მოსავალი”, ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობა და თქვა, რომ ამაზე საუბარი მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button