სანქციების მე-10 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე ილაპარაკა. მან ტვიტერში ჩამოთვალა სამი ძირითადი სახეობა შეზღუდვებისა, რომლებსაც ევროკავშირი უწესებს რუსეთს:
კერძოდ, ფართოვდება იმ პროდუქტების სია, რომელთა მიყიდვაც რუსეთისთვის იკრძალება. სანქციების მეათე პაკეტის მიღება უკრაინაში შეჭრის წლისთავისთვის არის მოსალოდნელი.
– იმ საქონლის სიის გაზრდა, რომლის რუსეთში გაყიდვაც აკრძალულია. საქმე ეხება ელექტრონიკას, სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებს, მანქანების დეტალებს, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილებს, ასევე საქონელს სამშენებლო სექტორისთვის, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ რუსეთის სამხედროებს;
– აკრძალვა ორმაგი დანიშნულების ტექნიკური კომპონენტების ექსპორტზე. კერძოდ, ევროკავშირი სანქციების პაკეტში შეიტანს 47 სახის ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც იარაღის საწარმოებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული (ამასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ასევე სანქციები დაუწესა ირანსაც, რომელიც მოსკოვს კამიკაძე დრონებს აწვდის);
– რუსეთის იმ მოქალაქეთა სიის გაფართოება, რომელთა მიმართაც პერსონალური სანქციები მოქმედებს. მასში შეიყვანენ სამხედროებსა და პროპაგანდისტული აპარატის თანამშრომლებს.
ადრე რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ სანქციების სიაში შეიძლება შეიყვანონ რუსეთის სამი ბანკი. საქმე ეხება „ალფა-ბანკს“, „ტინკოფს“ და „როსბანკს“.
“თითქმის ერთი წელია რუსეთის აგრესიული ომი სიკვდილსა და ნგრევას თესავს. რუსეთს ვაიძულებთ, რომ საფასური გადაიხადოს”, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.
როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეათე პაკეტს მოიწონებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით.
სანქციების მიუხედავად რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს, კიდევ 6-თან – გამარტივებული წესით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა.
„სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ვმუშაობთ. ახლა დაახლოებით, თერთმეტ ქვეყანასთან უკვე დაგეგმილია უვიზო მიმოსვლისთვის ხელმოწერა, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, ინდოეთის, ინდონეზიით ჩათვლით, – გამარტივებული პირობები, სრულიად მარტივი. არ დაგვავიწყდეს, რომ ვმუშაობთ დიდი რაოდენობით ქვეყნებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, იქ დაახლოებით 70 ქვეყანაა, გარდა არამეგობრულებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა”, – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსულ საგადასახადო სისტემა “მირთან” დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდება.