მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე განახორციელეს მასირებული შეტევა 32 ფრთოსანი რაკეტით.

სარდლობის ცნობით, კასპიის ზღვის რაიონიდან, ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ტუ-95-მა ისროლა 12 ფრთოსანი რაკეტა Х-101/Х-555, შავ ზღვაში დისლოცირებული გემიდან გაშვებული იყო 8 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ და რუსეთის ქალაქ კურსკის რაიონიდან აფრენილი ექვსი ბომდამშენიდან ტუ-22 – 12 ფრთოსანი რაკეტა Х-22. მასირებული შეტევისთვის გამოყენებული იყო 2 მართვადი საავიაციო რაკეტაც.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 14 ფრთოსანი რაკეტა Х-101/Х-555, 1 „კალიბრი“ და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა. სარდლობის განცხადებით, სამიზნეებს მიაღწიეს Х-22 ტიპის ფრთოსანმა რაკეტებმა, რადგან უკრაინას მათი განადგურების საშუალებები არ გააჩნია.
მასშტაბური საჰაერო განგაში იყო ღამით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე – სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში დაღუპულია 3 ადამიანი და დაიჭრა 11. რუსულმა არმიამ ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიით ცეცხლი გაუხსნა; აფეთქებების ხმა ისმოდა კრემენჩუგსა და პოლტავის ოლქებში.

“ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დაიღუპა 33 წლის ამერიკელი მოხალისე ექიმი. პიდ რიდი რუსებმა მართვადი რაკეტით ბახმუტში მოკლეს.

დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ რუსეთს ბახმუტის აღება მარტ-აპრილში შეუძლია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი იტყობინება, რომ ვაგნერი თავდასხმების 80-მდე პროცენტს ბახმუტის მახლობლად აგებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ უკრაინა დაპირებულზე ნაკლები რაოდენობის ლეოპარდის ტანკებს მიიღებს, რადგან დასავლელი მოკავშირეები ორი სრული ბატალიონის მიწოდებას ვერ შეძლებენ.

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე. კონკრეტულ ობიექტს კოზიცკი არ ასახელებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. აფეთქებები იყო პოლტავის ოლქშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით, 04:24 საათისთვის შეწყდა.
რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ლვოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და სხვა ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button