მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული აშშ-ის პრეზიდენტის, კიევში ვიზიტის შესახებ

თავისუფალი სამყაროს ლიდერის ისტორიული ვიზიტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინაში

რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ – აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი.

“ამ ტიპის კავშირების მგრძნობიარე ბუნების გამო, არ შევალ იმ საკითხებში, მათ როგორ გვიპასუხეს, ან ჩვენი მესიჯი ზუსტად რა იყო, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეტყობინება გავგზავნეთ” – თქვა სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში მისი ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში და სწორედ ამ უკიდურესად კრიტიკულ ვითარებაში პრეზიდენტი ბაიდენი მთელი მსოფლიოს, პირველ რიგში კი კრემლის გასაგონად, კიდევ უფრო მკაფიოდ აფიქსირებს, რომ უკრაინა არ არის მარტო და ამ ბარბაროსულ ომში კიევი გაიმარჯვებს.

ბაიდენის უკრანაში ჩასვლა უკვე შეფასდა როგორც ისტორიის ახალი ფურცელი. დღეიდან უკვე უკიდურესი სკეპტიკოსებიც კი დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანას, რომელიც ერთი წელია კრემლის არმიის უმძიმეს შეტევებს სისხლის ფასად უმკლავდება, მთელი დასავლური სამყარო, როგორც ერთი, მხარში დაუდგება საბოლოო გამარჯვებამდე, როგორც ეს არაერთხელ ითქვა. და ამ ურყევი პოზიციის დასადასტურებლად პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაში დახმარების ახალი პაკეტიც ჩაიტანა.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოახლოებული წლისთავის გამო კიევში ჩავიდა პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად და უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ბაიდენი ტვიტერზე წერს, რომ როცა თითქმის ერთი წლის წინ, პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ფიქრობდა, რომ “უკრაინა სუსტია, დასავლეთი კი – დაყოფილი, მაგრამ ღრმად შეცდა”.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, რათა უკრაინა დაიცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

ვიზიტის ოფიციალურად დადასტურებამდე ტელეგრამის არხმა „უკრაინა ახლა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბაიდენი ზელენსკის თანხლებით, საჰაერო განგაშის სიგნალის ფონზე უკრაინის დამცველების მემორიალს სტუმრობს.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი. „ჯო ბაიდენ, მოგესალმებით კიევში! თქვენი ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლენაა ყველა უკრაინელისთვის“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში დღეს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი დასავლელი პარტნიორის სტუმრობა იგეგმებოდა.

სოციალურ ქსელებში ჟურნალისტები და პოლიტოლოგები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ კიევში დაუანონსებელი ვიზიტით შესაძლოა, ჩასულიყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 21 თებერვალს იწყება ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში. თეთრ სახლს წინასწარ არაფერი უთქვამს კიევში ჯო ბაიდენის შესაძლო ვიზიტის თაობაზე, თუმცა ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში განიხილავდნენ კიევში სავარაუდო ვიზიტის ლოგისტიკას.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

საჰაერო განგაშის გამოცხადება უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზიდან MiG-31K-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენის აფრენას უკავშირდება.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოლონეთში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი.
ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია დეტალები იმის შესახებ, თუ რა გზით ჩავიდა ბაიდენი კიევში. ბაიდენის დელეგაციის თქმით, ეს დეტალები ცნობილი გახდება მას მერე, რაც ინფორმაციას უშიშროების სამსახურები გაავრცელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button