რუსეთმა დაადასტურა მოიერიშე სუ-25-ის ჩამოვარდნა და პილოტის დაღუპვა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი. ინფორმაცია პირველმა გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ შემთხვევა ქალაქ ვალუიკის მახლობლად მოხდა და მიზეზებს არკვევენ.
მოგვიანებით, რუსულმა სააგენტო „ტასმა“ ძალოვანი სტრუქტურებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთი სოფლის განაპირას ჩამოვარდა ბომბდამშენი სუ-24, რომლის პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. კატასტროფის მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებენ.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინელ სამხედროებს პერიოდულად ადანაშაულებს ოლქის დასახლებული პუნქტების დაცხრილვაში.
რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 და არა ბომბდამშენი სუ-24, როგორც ამას რუსული სააგენტოები იუწყებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პილოტი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა „საბრძოლო ამოცანის შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისას“. საბრძოლო ამოცანა დაკონკრეტებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სუ-25 დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა, წინასწარი მონაცემებით, „ტექნიკური გაუმართაობის“ გამო.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ სამხედრო თვითმფრინავებსაც იყენებს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.