უკრაინელებმა რუსეთის მიერ გამოყენებული 14 დრონიდან 11 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენეს 14 უპილოტო საფრენი აპარატი(Shahed). გენშტაბის წინასწარი მონაცემებით, 14-დან 11 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, თავდასხმა 23:00 საათიდან დაიწყო
დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთ საათს, ადგილობრივი დროით 04:45 საათამდე გაგრძელდა. უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უმრავლესობა – 9 დრონი დედაქალაქის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების და მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში და კიევის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სხვა ოლქებში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.