უკრაინის თავდაცვამ 81 შეტევა მოიგერია
რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და დონეცკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემები არ მოიცავს რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით გამთენიისას განხორციელებულ დარტყმებს. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 81 შეტევა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე. განადგურებულია რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25.
უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, დადასტურებულია, რომ 22-24 თებერვალს, დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ბახმუტოვკის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს 65 დაჭრილი რუსი სამხედრო და 30-მდე მოკლულის გვამები. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, მოწინააღმდეგის რიგებში ისევ მასობრივი დეზერტირობაა, რომლის შესაჩერებლად მეთაურები ჯარისკაცებს აშინებენ სისხლის სამართლის კოდექსით და 4-დან 12 წლამდე პატიმრობით.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
ამასთან რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას, იმ ფონზე, როცა მისი ძალისხმევა კონცენტრირებულია რეგიონში შეტევების წარმოებაზე – აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი 27 თებერვალს. უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოაღმოსავლეთში გრძელდება მწვავე შეტაკებები უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის.
“არსებული ინფორმაციით, როსტოვს რეგიონიდან 200-მდე სამხედრო გადაიყვანეს ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე” – ამბობს გენერალური შტაბი თავის საღამოს განცხადებაში. გენერალური შტაბი დასძენს, რომ დღის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებიდან 12 ჩატარდა ირანში წარმოებული, Shahed-136-ის ტიპის დრონებით, 55-ზე მეტი კი რაკეტებით.
მანამდე 27 თებერვალს ჰუმანიტარული სფეროს ორი თანამშრომელი დაიღუპა დასავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად. ეს ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა, მას მერე, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.