უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 890 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 2 სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა და 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, თავდაცვის ძალებმა გასულ 24 საათში მოიგერიეს 85-ზე მეტი შეტევა.
“კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 9 რაიონი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 2 პოზიცია და საბრძოლო მასალების საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 890 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3395
ჯავშანტექნიკა – 6638
საარტილერიო სისტემა – 2393
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 479
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 247
თვითმფრინავი – 300
ვერტმფრენი – 288
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2055
ფრთოსანი რაკეტა – 873
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5257
სპეცტექნიკა – 230
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.