უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 150-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბის თქმით რუსეთმა უკრაინაში 152 190 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 150-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
“კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 150-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდს.
უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 152 190
ტანკი – 3 409
ჯავშანტექნიკა – 6 683
საარტილერიო სისტემა – 2 414
სარაკეტო სისტემა – 487
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247
თვითმფრინავები – 302
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 066
საკრუიზო რაკეტები – 873
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 289
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 230.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.