ქალები, კაცები და ბავშვებიც-ოკუპანტების მხრიდან უკრაინელებზე სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა ფიქსირდება

უკრაინის პროკურატურა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რომელსაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც ესწრებოდა.
მისი თქმით, დაზარალებულები არ არიან მხოლოდ ქალები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან მამაკაცები და ბავშვებიც.
ასევე, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან უცნობია რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 იძიებს პროკურატურა. ამ ციფრს მიღმა არა მხოლოდ ქალები არიან – დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ამ ხალხმა ძალა აღმოაჩინა საკუთარ თავში რომ ესაუბრა. რამდენი იტანჯება სიჩუმეში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არ ვიცით. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა დამპყრობლისგან არა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დავუბრუნდეთ. არა, ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიებისა და მხოლოდ კვადრატული კილომეტრებისთვის. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს მიწები, რადგან იქ, ოკუპირებულ ტერიტორიებს კვლავ მოძალადეები და მკვლელები მართავენ. სანამ ისინი იქ არიან, ძალადობა გრძელდება,” – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ.
როგორც ზელენსკამ აღნიშნა, უკრაინელების მიმართ ასეთი ძალადობის ფაქტების რაოდენობა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს რუსი სამხედროების გათვითცნობიერებული პოლიტიკაა.
“ეს მათი გათვითცნობიერებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარაღია უკრაინელების წინააღმდეგ”, – თქვა მან.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლას თქმით, დაუსჯელი არავინ დარჩება.
“აგრესორები, რომლებმაც ომი დაიწყეს ჩვენს კონტინენტზე, დაუსჯელი არ დარჩებიან. მე ოთხი ვაჟის დედა ვარ და როდესაც უკრაინა ომს მოიგებს მსურს მათ ვუთხრა, რომ ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის და იმ სისასტიკისთვის, რომელიც ვიხილეთ მამაცი უკრაინელების წინააღმდეგ,” – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
უკრაინის პირველი ლედის თქმით, სექსუალური ძალადობა რუსეთის მიზანმიმართული იარაღია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რათა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გატეხოს ისინი.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ომბუდსმენის აპარატი და სხვადასხვა უწყება არაერთხელ ავრცელებდა ინფორმაციას უკრაინელი მოქალაქეების წამების, მათზე ძალადობის ფაქტების შესახებ. ცნობები ვრცელდებოდა დახვრეტის შესახებაც. არა ერთ ქალაქში აღმოჩენილია მასობრივი სამარხები, ხოლო ცხედრებს წამების კვალი ეტყობოდათ.