წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება-ოპოზიციის და მმართველი გუნდის დაპირისპირება გრძელდება

წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე გაყიდე სამშობლო, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც ყაველაშვილს წიგნის წაკითხვა ურჩია და აღნიშნა, რომ ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ხატია დეკანოიძე იმ ძალის წარმომადგენელია, „რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა“.
„რა იცი შენ ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არ არის მარტო ეგ. ამ რეზოლუციას შენმა კოლეგებმა ხელი რომ მოაწერეს, ვერ გაექცევით! ახლა ვაცხადებ, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს და ბოლომდე დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, 6 საათიანი განხილვის განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით თითქმის ვერც ერთი შინაარსობრივი შენიშვნა ვერ მოისმინა. მისივე თქმით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი მეტი გამჭვირვალობის შემოტანას ემსახურება.
“მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ამერიკის კანონის განხილვა და დაცვა დაგვჭირდებოდა ჩვენ “ოცნებასთან” ერთად, ამერიკელებთან და ამერიკისგან დაფინანსებულ ორგანიზაციებთან. ამერიკაში მოქმედი კანონის დაცვა თუ დაგვჭირდებოდა. მაგრამ, მოცემულობა ასეთია. იქიდან გამომდინარე, რომ სპეკულაციები იყო, რომ რუსული კანონპროექტია და ა.შ. და რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები, ერთი ერთში ამერიკის კანონპროექტი დავაინიცირეთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე ეს გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს, რომ თუ თქვენ თანხმა ხართ და როგორც ჩანს, ამაზე მეტი შენიშვნა ამ კანონპროექტთან არ გქონიათ, გარდა ერთისა, რაც გაისმა, რომ თურმე ჩვენ არ ჩავწერეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეგნებულად. თანახმა ვართ ჩვენ, თუ შევთანხმდებით, რომ ეს კანონი მივიღოთ, გადმოვიტანთ. რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ევროპული სტანდარტი, რომ იყოს გამჭვირვალე ფინანსური, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ფინანსური ანგარიშგების სახით. რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, ხალხის ძალის პოლიტიკა ეს იყო და იქნება. რამაც გაამართლა, რომ როცა საზოგადოება არის ინფორმირებული, ის არის შეიარაღებული,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
საქართველო სუვერენული ქვეყანაა, კონსტიტუციას როცა ვკითხულობთ, მხოლოდ 78-ე მუხლიდან რატომ ვიწყებთ კითხვას, არ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და “ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ” რომელი კანონი დაინიცირდეს, რომელი – არა.
მისივე თქმით, კანონპროექტების მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა.
ამასთან მაჭარაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საკომიტეტო განხილვებისას ნათლად გამოჩნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს მიზნად არ ჰქონდა, რეალურ მიზეზებზე ესაუბრა და მოეყვანა არგუმენტები, რატომ არ ეთანხმებიან ერთ ან მეორე კანონპროექტს.
როცა გვეკითხებიან – “რატომ არ მოგწონს, ეს ხომ გამჭვირვალეობაზეა”, ეს არის აბსურდი, ეს არ არის გამჭვირვალეობის კანონი, ეს არის შპიონების კანონი, რომელიც მათი აზრით, უნდა იყვნენ გამჭვირვალეები – ეს არის სახიფათო თამაში ,- ამის შესახებ ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ასეთი გზა გაიარა რუსეთმა.
ტუღუში ამბობს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ეროვნული ინტერესი დაზიანდება, დარტყმის ქვეშ დადგება დემოკრატია და ევროპული ინტეგრაცია.
“ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთელი დღეა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე სვლას აფერხებს და მისი მიღება დაუშვებელია.
“როდესაც ამ კანონთან მიმართებაში ყველა ექცევა უცხოელი აგენტის ჭრილში, საოკუპაციო ხაზთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის რა გზავნილია ეს, როდესაც ისინი მუშაობენ ძალიან მგრძნობიარე საკითხზე და თქვენ ისინი რეესტრში უცხო აგენტების საფარქვეშ უნდა მოაქციოთ. გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა… ნუ გინდა წარმოაჩინო, რომ რადგან მეტნი ხართ, ამიტომ გაგივათ ყველაფერი, არ გაგივათ, დამთავრდა,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ საკომიტეტო განხილვაზე.
კანონრპეოქტის პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ იმნაძე.
“აქ სიტყვა აგენტში არ არის პრობლემა, პრობლემაა ის, რომ ჩვენ, ჩვენს თავებს განვიხილავთ ამ ქვეყნის საჭიროებებზე, ამ ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებებზე მომუშავე დამოუკიდებელ სუბიექტებად. ამ ორივე კანონპროექტით ჩვენ ვირაცხებით გარე ინტერესების მატარებელ სუბიექტებად. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც ერთი სიტყვის ამოღება ვერ შეცვლის. ამიტომაც არის ეს ფუნდამენტური პრობლემა და ამიტომაც ჩვენ პუნქტობრივ განხილვაში არ შევდივართ და ამ კანონპროექტის პრინციპების დონეზე არის ჩვენთვის ეს პრობლემური,” – აცხადებს გურამ იმნაძე.
“ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხმაურით და დაპირისპირებით მიმდინარეობდა
სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ადგილიდან შეძახილების გამო, რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა. ეს გიორგი ვაშაძემ კომიტეტის თავმჯდომარესთან გააპროტესტა. ლევან ხაბეიშვილი კი, ანრი ოხანაშვილს დაუპირისპირდა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მანდატურებმა კომიტეტის დარბაზიდან გაიყვანეს
“ამათ პასუხი უნდა გავცეთ ყოველ მიზეზგარეშე და გავცემთ. დედა უნდა ვუტიროთ პუტინისტებს და რუსებს,”-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ, პარლამენტის შენობასთან უნდა მივიდეს ყველა, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი სურს.
ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.
აქციაზე მოსვლის მიზეზი არის პროტესტი იმ კანონის წინააღმდეგ, რომლის მიღებასაც აპირებენ, რომელიც ამ ქვეყანას მოკლევადიან პერსპექტივაში დააკარგვინებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს, რაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლოს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების მიღება „გაასუფთავებს ქვეყანას განსხვავებული აზრისგან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის და ივანიშვილის ინტერესებთან“.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. აქციის მონაწილეები “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
ადგილზე შეკრებილებს ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი და სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”, “რუსული ოცნება”, “რუსებო”, “მონებო”.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.