ბრძოლა ბახმუტისთვის, რომელიც უკვე ერთი თვეა, რუსეთის შეტევების სამიზნეა
ომის 376 დღე უკრაინაში

უკრაინა აცხადებს, რომ განაგრძობს ბრძოლას აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტისთვის, რომელიც უკვე ერთი თვეა, რუსეთის შეტევების სამიზნეა. ბრძოლას ორივე მხარისთვის დიდი დანაკარგები მოაქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მარტს დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში შექმნილი ვითარება განიხილა შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ვალერი ზალუჟნისთან და უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელთან, ოლექსანდრ სირსკისთან. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე “მხარი დაუჭირეს თავდაცვითი ოპერაციის გაგრძელებას და ბახმუტში პოზიციების კვლავ გაძლიერებას”.
ზელენსკიმ ბოლო დღეებში აღიარა, რომ დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა “მტკივნეულია და რთული”. უკრაინის გენერალური შტაბი თავის რეგულარულ ანგარიშში 6 მარტს აცხადებს, რომ რუსეთი კონცენტრირებულია შეტევებზე ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანის და შახტარის მიმართულებებით დონეცკში, ისევე როგორც ჩრდილოეთით, ხარკოვის რეგიონში.
დონბასში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული ბრძოლა მიმდინარეობს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სახელმწიფოს ფრონტის ხაზზე იცავს.
“ეს კვირა არის კიდევ ერთი კვირა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა და თითოეულმა მათგანმა, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, უკრაინა გამარჯვებასთან კიდევ უფრო დააახლოვა. მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტები, ძირი გამოუთხარეს მტრის პოზიციებს და დაიცვეს ჩვენი საზღვრები. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა ბრძოლაშია!
მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს. ჩვენ მსოფლიოს ამისთვის საკმარის გამბედაობასა და ინსტრუმენტებს მივცემთ. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გვეხმარება სამართლებრივი კოოპერაციის ქსელის ჩამოყალიბებაში, რათა შესაბამისი სასჯელები გამოტანილი და განხორციელებული იყოს,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, უკრაინამ, სავარაუდოდ, დაიწყო დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან სამხედრო ძალების შეზღუდული, ტაქტიკური გაყვანა და პოზიციების გადატანა მდინარე ბახმუტკის აღმოსავლეთ ნაპირზე.
ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის შეფასება, აპირებენ თუ არა უკრაინული ძალები ქალაქის სრულად დატოვებას.
NEW: #Ukrainian forces may be conducting a limited fighting withdrawal in eastern #Bakhmut & are continuing to inflict high casualties against advancing #Russian forces, but it is still too early to assess Ukrainian intentions concerning a complete withdrawal from the city. 🧵1/6 https://t.co/7eK79cTsse
— ISW (@TheStudyofWar) March 6, 2023
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბახმუტის დაცვას სტრატეგიულად დასაბუთებულს უწოდებს, რადგან ამით დიდ ზიანს აყენებენ რუსეთის ცოცხალ ძალას და ტექნიკას და თავად გაცილებით ნაკლები დანაკარგი აქვთ. ამიტომ, ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელები ბახმუტიდან ეტაპობრივად დაიხევენ, რათა უშუალოდ ქალაქში ბრძოლებით რუსები კიდევ უფრო გამოფიტონ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, უკრაინელ სამხედროებს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვთ, როცა სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ხაზიდან ბრძოლებით უკან დახევის შედეგად, მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენეს და 2022 წლის ზაფხულში, ფაქტობრივად, შეაჩერეს რუსეთის შეტევითი ოპერაცია ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის.
ოსტინის თქმით, ქალაქ ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ვიდრე ოპერატიული.
“ვფიქრობ, უფრო სიმბოლური მნიშვნელობა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სტრატეგიული და ოპერატიული. ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის”, – თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.
ავსტრიის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, ბრუნო ჰოფბაუერი მიიჩნევს, რომ ქალაქი ბახმუტი უახლოეს მომავალში არ დაეცემა.
4 მარტს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტის უკრაინის დამცველები მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, ქალაქის გარშემო კი ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.ომის 376 დღე უკრაინაში – ღამით 10 ოლქში, მათ შორის კიევშიც, განგაშის ხმა ისმოდა.
რუსულმა არმიამ ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებაც, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხარკოვის ოლქის დაბომბვისას ახლად დაქორწინებული წყვილი დაიღუპა.
ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლშიც. ქალაქის მერის განცხადებით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა რუსების სამხედრო ბაზებს დაარტყეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევას ხუთი მიმართულებით აწარმოებენ.