რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც მეორე მოსმენით ჩავარდა, მხარი არც “ქართული ოცნების”, არც “ხალხის ძალის” და არც საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე წევრს არ დაუჭერია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. დეპუტატებმა კანონპროექტი არც კი განიხილეს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭისყრაზე “წინააღმდეგ” 35-მა დეპუტატმა მისცა ხმა. მათ შორის ყველა ოპოზიციონერი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. ე.წ. მწვანე ღილაკს “ქართული ოცნების” მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ დააჭირა. საბოლოო შედეგით, კანონპროექტი ჩავარდა. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა.
განახლება: მოგვიანებით, პარლამენტის პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ დიმიტრი სამხარაძეს კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია და “ტექნიკური ხარვეზი” იყო.
გთავაზობთ მონაცემებს იმაზე, ვინ დაუჭირა მხარი და ვინ – არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ფრაქციების მიხედვით:
წინააღმდეგი:
ნაციონალური მოძრაობა – 14;
ლელო – 2;
რეფორმების ჯგუფი – 5;
გირჩი – 2;
მოქალაქეები – 1;
ფრაქციის გარეშე – 11;
მომხრე:
ქართული ოცნება [დიმიტრი სამხარაძე] – 1.
არ მონაწილეობდა კენჭისყრაში:
ქართული ოცნება – 60;
ევროპელი სოციალისტები – 2;
გირჩი – 2.
9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა “რუსულ კანონზე” და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს “რუსული კანონის” და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც. 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად” იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ.
ისინი სკანდირებენ: „ჩვენ ვართ ევროპა!”, “საქართველო”.
ამასთან, ისმის ტაში.
სიტყვით გამომსვლელმა, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადეს.
ამასთან, კვლავ ისმის, შეძახილი: “არა რუსულ კანონს”.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის” წევრი დეპუტატების ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელსაც ე.წ. ამერიკულ კანონპროექტს უწოდებდნენ, ის ინიციატორებმა საკუთარი ხელმოწერებით გამოითხოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალიას” ალტერნატიული კანონპროექტის გამოხმობის შესახებ განცხადება.
როგორც ცნობილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.