სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ

თავდაცვის ახალ კოდექსში მოქმედის ვარიანტის მსგავსი იქნება მუხლი, რომელიც სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გულისხმობდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
ახალი „თავდაცვის კოდექსით“:
იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა; ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები; იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
ახალი კოდექსით:
ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში;
ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატო-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო;
ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს;
არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება.
ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ:
თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო ოთხი წელი;
ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;
ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები:
აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით.
ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით:
თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;
სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყებაში აზუსტებენ, რომ სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწვევენ, თუ ამის სურვილს თავად გამოთქვამს. ამ შემთხვევაში სტუდენტს რამდენიმე არჩევანი ექნება.
თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებს გაუგზავნა დღეს, 10 მარტს. ხვალ პარლამენტთან პარტია “გირჩის” ინიციატივით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე აქციაა დაგეგმილი. პარტია თბილისის ცენტრში ახალგაზრდებს ელოდება.
“ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს. იძულებით ჯარში გაწვევა – მონობაა. მონობა ამორალურია!” – აცხადებენ პარტიაში.
აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
1 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის კომენტარი, რომელშიც ის ამბობდა, რომ სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნიდა. მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გულისხმობს, რომ ახალგაზრდას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვევენ. კანონმდებლობის თანახმად, ჯარში მიჰყავთ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა კაცები.