ივანიშვილის გუნდმა პარლამენტში შესაძლოა უმრავლესობა დაკარგოს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/06/qartuli-ocneba-3.jpg)
რუსული კანონის მიღებამ და “ოცნების” მკვეთრად ანტიდასავლურმა კურსმა სახელისუფლებო პარტიაში შეუქცევადი პროცესები განაპირობა. ბიძინა ივანიშვილის გუნდმა პარლამენტში შესაძლოა უმრავლესობა დაკარგოს.
შიდა დაპირიპირება “ქართულ ოცნებაში” იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატები პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ უკვე საქმის კურსშია “ოცნების” თავმჯდომარე, რომელმაც დახურულ შეხვედრაზე თანაპარტიელებისგან მოითხოვა სახელისუფლებო გუნდის დატოვების შემთხვევაში დეპუტატის მანდატზე უარის თქვან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” შესაძლოა 6-მა დეპუტატმა დატოვოს – მათ შორის არიან დავით სერგეენკო, დავით სონღულაშვილი, გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი.
დღეს მედიასთან არ გამოჩენილა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. თუმცა მასთან კონსულტაციები უკვე გაიმართა.
წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის რუსულ კანონს უკავშირდება.
უმრავლესობის დაშლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.
ზარქუა აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ სმენია.
„ოპოზიციურ არხებს აქვთ მცდელობა შექმნათ მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია. უმრავლესობა, როგორც არასდროს, ისეა მოწადინებული, 12 – პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. მე არ მაქვს ინფორმაცია დეპუტატებთან დაკავშირებით, არც მომისმენია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, გაძლიერებული, რომ 12- პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ და კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ,”- განაცხადა ზარქუამ.
დეპუტატმა, რიმა ბერაძემ თქვა, რომ “ჯერჯერობით გუნდში ასეთი საკითხები არ იხილება”.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ “თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, ეს მათი უფლებაა”.
მისი თქმით, უმრავლესობის შესაძლო დაშლაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.
“უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა. არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
სხვადასხვა მედიასაშუალება მმართველი პარტიის წევრებთან სვამს კითხვებს, პარტიიდან რიგი დეპუტატების გასვლის შესახებ. მათ შორის – იმ დეპუტატებზე, რომლებმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
7 მარტის კენჭისყრაზე „ქართული ოცნების” რიგებიდან სხდომას ესწრებოდა ოთხი ისეთი დეპუტატი, რომლებმაც კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ესენი არიან: ირაკლი მეძმარიაშვილი, დავით სერგეენკო, ქეთევან დუმბაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია.
მოგვიანებით ირაკლი მეძმარიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განმარტა, რომ კანონპროექტს მხარი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დაუჭირა. ამ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა ქეთევან დუმბაძემ. კენჭისყრის შედეგებში თავისი ხმის არასახვა მანაც ტექნიკური ხარვეზით ახსნა. დუმბაძე ამბობს, რომ მხარი დაუჭირა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით. საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა “რუსულ კანონზე” და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს “რუსული კანონის” და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
10 მარტს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.