მნიშვნელოვანისიახლეები

პრორუსულმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს

ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. ხოლო მის ადგილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს დროშის აღმართვა. ვითარება პოლიციამ განმუხტა.

მანამდე აქციის მონაწილეები სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილი, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით გადაინაცვლეს. პოლიციას ამ ქმედებისთვის არავინ დაუკავებია.
ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.

ძალადობრივმა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს, როგორც ამბობენ, ზაჰესიდან მოდიოდნენ. ისინი აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.

ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ნასროლი ლოდი აივნიდან მათ ოფისში შევარდა და ოთახში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს თავში ხვდებოდა, რომელმაც თავი ხელებით დაიცვა.

ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა ასევე დემონსტრაციულად უკან დააბრუნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს კი სპეციალური პუნქტი დაემატა.ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნების სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა – ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
კოდექსში, მუხლ 174​18-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან, რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე ისმის ანტიდასავლური და შეურაცხმყოფელი შეძახილები. ისინი აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ გამართული იმ აქციის მონაწილეების გამოსვლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტს.

პარლამენტის წინ შეკრებილმა ჰომოფობიური, პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა ასევე დააყენეს ორი მოთხოვნა, მათ შორის 2021 წლის 5 ივლისის აქციის დარბევისთვის დაკავებული 30-ზე მეტი პირის გათავისუფლება და “აგენტების” კანონზე რეფერენდუმის გამოცხადება.

ამას გარდა, აქციის ორგანიზატორების თანახმად, ხალხი შეიკრიბა “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადების გამო, რადგან 10 მარტს მან თქვა, რომ მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე “ალტ-ინფოს” წევრების დაკავებას 14 მარტამდე დაელოდებოდა, რის შემდეგაც „ვიტოვებ უფლებას ვიმოქმედო ჩემი შეხედულებისამებრ“.

დავით ქაცარავას მეუღლისა და შვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

14 მარტს ქაცარავამ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ მის ოჯახზე თავდასხმის საქმეს მსვლელობა მიეცა, “მიზანი მიღწეულია” და გეგმავს, დარჩეს “სამართლებრივ ჩარჩოში”.

აქციის მიმდინარეობისას დავით ქაცარავამ “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ “ალტ-ინფო” მის “გამოწვევას” ცდილობს, თუმცა “პირადი ვენდეტა” მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ხელისუფლება მის საქმეს არ გამოიძიებს.

“პირად ვენდეტაზე მე ამდენ ხალხს არ წამოვიყვანდი, თუ ამას გადავწყვეტდი. რაც შეეხება ამათ გამოსვლას, ყველამ კარგად დაინახა, თავის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ამდენდღიანი კივილის შემდეგ, მოახერხეს ალბათ 200-მდე ადამიანის მობილიზება და ყველამ კარგად დაინახა, რამდენიც არიან. ახლა ცდილობენ გამომიწვიონ და ცდილობენ, კვლავ გადაიყვანონ ეს ჩვენი “ურთიერთობა” პირადი ვენდეტის ფარგლებში. პირადი ვენდეტა არასდროს არ არის დაგვიანებული, მაგრამ ეს არის უკანასკნელი გამოსავალი და მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გამოიძიებს ამ საქმეს და არ დასჯის დამნაშავეებს”. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის თავს აქციის მაპროვოცირებლად? – ქაცარავა პასუხობს, რომ “ერთმნიშვნელოვნად არ ვთვლი”.

“მე მგონი, პირველ მიზეზს უნდა დავუბრუნდეთ, რამ გამოიწვია და მარტივი გამოსათვლელია, ვისი მხრიდან არის პროვოკაცია გაკეთებული. ჩვენ ჩვენი მხრიდან დავრჩით სამართლებრივ ჩარჩოებში, რისი მიღწევაც გვინდოდა, მივაღწიეთ. საქმეს მიეცა მსვლელობა და ჩვენ ვრჩებით ამ სამართლებრივ ჩარჩოში”.

დავით ქაცარავას მონათხრობის თანახმად, ავტომობილს, რომელშიც მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ, 9 მარტს, ღამით, რადიკალური, პრორუსული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” წევრები დაესხნენ თავს.

დავით ქაცარავამ გამოაქვეყნა მანქანის დაზიანების ამსახველი ფოტოებიც, რომლბზეც ჩანს ჩამსხვრეული მინა და მძღოლის მხარეს მანქანის კარის მოტეხილი სახელური.

„კარის სახელურის გამოგლეჯვას და ჩემი შვილის გადმოთრევას აპირებდა ალტინფოელი ორკი… ბავშვზე და ქალზე თავდასხმა რომელ ქრისტიანულ კანონში გიწერიათ, ჩმოებო?“, – წერდა დავით ქაცარავა, რომელიც, ასევე დარწმუნებულია, რომ დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი.
ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. უწყების განცხადებით, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button