მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა, შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ “ოლიგარქების” გავლენის შეზღუდვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას, თუმცა კომისია საუბრობს რისკებზე, რომლებიც კანონის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გააჩინოს.

კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი ეფუძნება პერსონალურ მიდგომებს და არ არის სისტემური, რომელიც ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას მოემსახურებოდა. ასევე აღნიშნულია, რომ “საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდება”.

ვენეციის კომისია გამოყოფს 2 მიდგომას, რომელიც საჭიროა დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი. პირველი მიდგომა მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, პოლიტიკურ პარტიებს, კორუფციასა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს ეხება, მეორე კი პერსონალური მიდგომაა. დასკვნის თანახმად, პერსონალური მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის “ოლიგარქების” დარქმევა.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ “პერსონალურ” მიდგომას სადამსჯელო ხასიათი აქვს და იწვევს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს, თუ არ არსებობს სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას ითვალისწინებს, ამავდროულად კი აღნიშნავს, რომ მიუხედავად პერსონალური მიდგომის პრობლემატურობისა, “მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არ არის არალეგალური”.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, მოხდეს ძირითადი პროცედურების გადახედვა, მათ შორის ითხოვს, რომ მოხდეს გარკვეული ტერმინების უკეთესად განმარტება. ასევე, აღნიშნავს, რომ საჭიროა პროცედურების განმარტება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონით უზრუნველყონ შეზღუდვების პროპორციულობა მათ მიმართ, ვინც შესაძლოა ოლიგარქებად გამოცხადდნენ და ითხოვს, დაინერგოს სისტემური ზომები ოლიგარქიის გავლენის შესამცირებლად.

ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე, რომელიც ოცნებამ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა, დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული. მათ შორის ხაზგასმულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება.
• იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას
• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა მივლინების ან თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მათი ნებართვის გარეშე
• მივლინების/გადაყვანის უფრო ვიწრო კრიტერიუმების საშუალებით, მივლინება/გადაყვანაზე დროისა და ადგილის შეზღუდვის შემოღებით, მივლინება/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის შემოღებით
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული აქტები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე, არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს.
“კომისია იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ აქტების მიღება, რომლებიც არეგულირებს სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს ოპოზიციასთან, ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნამდვილი კონსულტაციების გარეშე, არ შეესაბამება დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტებს”, – აღნიშნულია დასკვნაში.
დასკვნაში ასევე რეკომენდაციის სახით გაცემულია, რომ გადაიხედოს მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურა, უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტი განსაზღვრით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მეტი დროის მიცემითა და შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით.
ასევე, რეკომენდაციაა გაცემული, რომ: “შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით, აზრის გამოხატვასთან.
მოსამართლეთა კომენტარებისთვის ადგილის დატოვებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა. იმის უზრუნველყოფა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები სავალდებულოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის”, – აღნიშნულია დასკვნაში.
ვენეციის კომისია კვლავ იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამართული სასამართლო სისტემა.
“მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია კანონზე დაფუძნებული სამართლიანობის აღსრულება მიუკერძოებლად და აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ორგანოების კომპეტენციას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის”, – აღნიშნულია დასკვნაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის დასკვნის ძირითადი არსი განმარტა.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი:
კომისია ადასტურებს, რომ კანონი უკრაინულის იდენტურია.
კომისია ადასტურებს, რომ დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია.
“აქვს პროექტის დახვეწის რეკომენდაციები, რომელზეც ჩვენც ვსაუბრობდით პროექტის განხილვის დროს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს:
“ჩვენს მიერ დასკვნისთვის წარდგენილ პროექტზე არსებითი შენიშვნა არ აქვს.
თუმცა, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო შორს წავიდა და ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში განიხილა საკითხი და ევროკომისიის რეკომენდაცია იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით „კორპორატივიზმის“ აღმოსაფხვრელად. თუმცა ამ დასკვნაშიც, ისევე როგორც წინა დასკვნაში, კომისია ამბობს, რომ თავად ვერ იტყვის, რომ კორპორატივიზმი არსებობს და რომ ეს მას მხოლოდ სმენია.
ვენეციის კომისიამ ასევე გაიმეორე მისი წინა რეკომენდაცია 2021 წლის დეკემბერში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, თუმცა, იქვე დაადასტურა, რომ ვინაიდან ეს ცვლილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის პოზიცია, რომ ის ელის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისაღებია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ლელოს” საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტში ძალიან ბევრი კრიტიკაა და ეს კიდევ „ერთი ყვითელი ბარათის ჩვენებაა“ მმართველი გუნდისთვის.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება” საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს ეწევა.

ბურთი ჯერ-ჯერობით ისევ საქართველოს მოედანზეა – ამბობს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური დირექტორი, მიხაელ ზიბერტი ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით

“ჩვენ ვთვლით, რომ ბურთი ჯერ-ჯერობით ისევ საქართველოს მოედანზეა. არსებობს 12 რეკომენდაცია, რომლებიც შესასრულებელია და საქმე ეხება კანონიერ პროცესებს, ნორმების ფურცელზე ასახვას, მაგრამ ასევე მათ იმპლემენტაციას. მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ.

ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი შეხვედრების გამართვაა. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა ადამიანებს, მათ შორის ცხრა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი არის საკმაოდ ფართო” განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას.

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც „ტვიტერზე“ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარსიმა დაწერა, სალომე ზურაბიშვილს განუცხადა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.

„ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, განვაცხადე საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას. მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეფორმის პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება”, – დაწერა ესტონეთის პრეზიდენტმა.

სატელეფონო საუბრის შესახებ “ტვიტერზე” დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

“დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტი აღნიშნავს, რომ მომავალ კვირას ელოდება ამავე პროექტებზე ეუთო/ოდირის დასკვნას, რის შემდეგაც პარლამენტი განაახლებს პროექტების განხილვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button