მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 384-ე დღე უკრაინაში-რუსეთის ტერიტორიიდან საბრძოლო თვითმფრინავი, MiG-31K აფრინდა

ლვოვის რეგიონში და მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინული telegram არხების ინფორმაციით, მიზეზი რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობაა.
არსებული ინფორმაციით რუსეთის ტერიტორიიდან საბრძოლო თვითმფრინავი, MiG-31K აფრინდა

უკრაინულ ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იუწყება.
“რაკეტა კორპუსს მოხვდა. ნანგრევებიდან ოთხი დაჭრილი ამოიყვანეს. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ სამმა მოქალაქემ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღო”, – ნათქვამია ანგარიშში.
პროკურატურა დასძენს, რომ გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, დგინდება დაზარალებულთა რაოდენობა.
კრამატორსკზე სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა.
„ყველა იერიშს, რომელსაც უდანაშაულო ადამიანი ეწირება, უნდა მოჰყვეს მკვლელობის ჩამდენის კანონიერი და სამართლიანი დასჯა. და ეს ნამდვილად ასე იქნება”, – ნათქვამია ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში.
გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით, დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა – 13 734.
სიკვდილის აღრიცხული შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღით, მძიმე საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს და ცეცხლს უშენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენება ხდება.

ვითარება უკრაინაში – რუსული შეტევის შედეგად ზაპოროჟიას ოლქში დაიჭრა ქალი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ამ წუთებში, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებს. როგორც უკრაინული მედია წერს, აფეთქებების ხმა ისმის ოდესის ოლქში. საოკუპაციო ძალამ დაბომბა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი, რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, შედეგად კი დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა რამდენიმე. უკრაინის მედიის ცნობით, ნანგრევებში მოყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მათ ამოყვანას ცდილობენ.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ბახმუტშიც, ამ მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა რუსული იერიშები ოთხ დასახლებაში მოიგერიეს. სტრატეგიული ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვისთვის დამატებით 13 ნახევარი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
“ამ დროისთვის ჩვენი ტერიტორიის 170 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი აუფეთქებელი საბრძოლო მასალით არის დანაღმული. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფერმერების დამუშავებული მიწებია. ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ ასევე დავაწესოთ ახალი შეზღუდვები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება. აღმოსავლეთით ვითარება ძალიან მწვავეა – ძალიან მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. რაც ნაკლები იქნება სანქციებთან ადაპტირების რუსეთის უნარი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინისთვის მშვიდობის დაბრუნებას,” – აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან, რუსი ოკუპანტები და მათი საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ლიკვიდირებულია 6 რუსი ოკუპანტი.
“კრეატიულობა გამოავლინეს მესაზღვრეებმა ბახმუტთან. უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებმა მტრის ლოჯისტიკური საწყობისკენ მარშრუტს მიაკვლიეს და როცა იქ ტვირთის მორიგი პარტია ჩავიდა, ნაღმტყორცნებით დაბომბეს. იერიშის შედეგად განადგურდა საწყობი, მკვდარია 6 რუსი დამპყრობელი” წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა რუსული ჯარების მორიგი თავდასხმა მოიგერიეს და ტყვედ “ვაგნერის” დაქირავებული ჯარისკაცები აიყვანეს.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გათავისუფლებული ქალაქი, ვოვჩანსკი დაბომბეს, მისი ინფორმაციით დაიღუპა 1 პირი.
“მტერი აგრძელებს ვოვჩანსკის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან. დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქის სახანძრო-სამაშველო განყოფილების დაბომბვისას, მტრის ჭურვი სამოქალაქო მანქანას მოხვდა. მასში მყოფი 55 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა” – წერს სინეგუბოვი

მსგავსი პოსტები

Back to top button