Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის მიერ დაპირებული 18 ტანკი Leopard 2 უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ტანკების უკანასკნელმა პარტიამ გერმანია გასულ კვირას დატოვა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცა.
მედიის ცნობით, 18 საბრძოლო ტანკის გარდა, უკრაინაში 40 გერმანული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ორი ჯავშანმანქანაც ჩავიდა.
ამასთან, უკრაინაში პორტუგალიის მიერ ნაჩუქარი Leopard-ის სამი ტანკიც ჩავიდა.
გერმანიამ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ უკრაინას ტანკებს გადასცემს. ბერლინი მანამდე მრავალი თვის განმავლობაში ითრევდა ფეხს. საბოლოოდ ის დათანხმდა არა მხოლოდ საკუთარი ტანკების გადაცემას, არამედ კიევისთვის გერმანული ტანკების მიწოდების უფლება მისცა იმ ქვეყნებსაც, სადაც ისინი შეიარაღებაში აქვთ.
Leopard-ებს, რომლებსაც გერმანია აწარმოებს, სხვა ქვეყნებს იმ პირობით აძლევენ, რომ ისინი რეექსპორტს ბერლინთან შეათანხმებენ.
აშშ, გერმანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა – პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი და შვედეთი – დათანხმდნენ, ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად უკრაინას მომავალ თვეებში მიაწოდონ ათობით საბრძოლო ტანკი.
ამჟამად უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ინტენსიურ მომზადებას, რათა აითვისონ Leopard-2-ები, რომელთა მიწოდებაზე ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ კიევთან მიღწეული „სატანკო გარიგების“ ფარგლებში. უკრაინის სამხედროებისთვის ოთხკვირიანი მომზადების კურსები, კერძოდ, გერმანიასა და ესპანეთში ტარდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ, 2023 წლის იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას „ლეოპარდი-2“-ის ტიპის ტანკებს გადასცემდა.