უკრაინის არმია უარყოფს რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, “ვაგნერის” განცხადებებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში უარყოფენ, რომ რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დაიპყრეს სადაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლა და ადმინისტრაციის შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.
სარდლობის წარმომადგენელმა სერჰეი ჩერევატიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ რუსებმა დროშა აღმართეს „რაღაც ტუალეტზე“ და თქვეს, რომ ქალაქი დაიპყრეს. ჩერევატის განცხადებით, „დაე, ეგონოთ, რომ აიღეს“, მაშინ, როცა სინამდვილეში, რუსეთი ბახმუტის დაპყრობისგან ძალიან შორსაა. უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციის შენობის გარშემო ბრძოლა გრძელდება.
უკრაინის არმიის პრესმდივანმა 3 აპრილს განაცხადა, რომ ბახმუტსა და მის მიმდებარე ქალაქებში ბრძოლა გრძელდება. “ბახმუტი უკრაინის ძალებისაა და მათ არაფერი დაუპყრიათ და ამისგან ძალიან შორს არიან, რბილად რომ ვთქვათ”, – უთხრა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დანაყოფის ხელმძღვანელმა სერგი ჩერვატიმ სააგენტო “როიტერსს”.
რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წუხელ, ტელეგრამით გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დროშა აღმართეს ქალაქ არტიომოვსკის ადმინისტრაციის შენობაზე. რუსეთი არტიომოვსკს უწოდებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. პრიგოჟინის განცხადებით, „იურიდიულად ბახმუტი აიღეს“ და ქალაქის მთელ ცენტრალურ ნაწილში რუსეთის დროშები აღიმართება. “ვაგნერის” დამფუძნებლის თანახმად, უკრაინის ძალები ბახმუტის დასავლეთ უბნებში რჩებიან.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.’
ბახმუტისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ძალები გაიღეს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეებმა, იმის მიუხედავად, რომ, ანალიტიკოსთა თქმით, ქალაქს არ აქვს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა. ბახმუტისთვის თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლას მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანად უკრაინის და რუსეთის ძალებს შორის, მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა.