EU-მ რუსეთი „დაკარგა“ ის რუსეთისთვის „არამეგობრულ გაერთიანებად“ ითვლება

რუსეთი ისევ აცხადებს, რომ „უკრაინის კრიზისი“ დასავლეთის მიერ რუსეთის ინტერესების იგნორირებამ გამოიწვია. გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან” ინტერვიუში, რომელიც ძირითადად, ეხება რუსეთის ურთიერთობებს ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებთან, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ „კოლექტიურ დასავლეთს“ რუსეთის „სტრატეგიული მარცხი“ სურს.
გამოცემის ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა, მაშინ, როცა ადრე ევროკავშირის ქვეყნებს ხშირად სტუმრობდა, დღეს კი „გასაგები მიზეზებით მივლინებების გეოგრაფია შეიცვალა“, ფიქრობს თუ არა, რომ „ევროკავშირმა რუსეთი მრავალი წლით დაკარგა“.
ლავროვი დაეთანხმა ფორმულირებას, რომ ევროკავშირმა რუსეთი „დაკარგა“ და განაცხადა, რომ ამაში თავად ევროკავშირია დამნაშავე, რადგან გაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი უნდა მიაყენონ, “იარაღით და საბრძოლო მასალებით ბერავენ კიევის დამნაშავე რეჟიმს“ და უკრაინაში აგზავნიან ინსტრუქტორებს და დაქირავებულ პირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიზეზთა გამო ევროკავშირს „არამეგობრულ გაერთიანებად“ განიხილავენ.
“ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი. მაგრამ ამაში თვითონ არის დამნაშავე. ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად გაერთიანების ლიდერები ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. კიევის კრიმინალურ რეჟიმს იარაღსა და საბრძოლო მასალას ასხამენ, უკრაინაში ინსტრუქტორებსა და დაქირავებულებს გზავნიან. ამ მიზეზების გამო ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მივიჩნევთ”, – თქვა ლავროვმა.
ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მასშტაბურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ. ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან რუსეთის საბანკო-ეკონომიკური სისტემა, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერები.
მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები დღეს არ არიან მზად მოსკოვთან რეალური დიალოგისთვის და ეძებენ ახალ გზებს მის შესაკავებლად. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის თანაბარ პირობებში და მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით.
“თუკი ევროპელები რაღაც მომენტში მიატოვებენ ანტირუსულ კურსს და აირჩევენ რუსეთთან ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგს, ჩვენ განვიხილავთ მათ წინადადებებს და მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – თქვა ლავროვმა.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი მიმართულებით სანქციები დაუწესეს, მათ შორის კონკრეტულ ლიდერებსაც. ევროკავშირი ომში მყოფ უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.