აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირება უსამართლოა, და ძალიან დიდი შეცდომაა-მაჭარაშვილი
აშშ-ს გადაწყვეტილებას უმრავლესობასა და ოპოზიციაში აფასებენ

საზოგადოებრივი მოძრაობის, “ხალხის ძალის” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირება არათუ უსამართლოა, არამედ ძალიან დიდი შეცდომაა.
მაჭარაშვილის აზრით, აშშ-ს დიდი სურვილია, აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება.
“აშშ-ს სურვილი იყო და არის აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება. ამისი ნათელი დადასტურება იყო, თუნდაც მოსამართლე ჩხიკვაძეს დაბარება. ითხოვდნენ პირდაპირ, რომ ნაცმოძრაობისთვის გადეცა ხელისუფლებას, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა, პრაქტიკულად, შეერთებული შტატებისა და მისი ხელისუფლებისთვის ამ მართლმსაჯულების გადაცემა. მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარებაშიც არ იყო არგუმენტი და არც დღევანდელი მოსამართლეების დასანქცირებაში, რა თქმა უნდა, არგუმენტი არ არის. ამაზე თუნდაც მეტყველებს აშშ-ს საელჩოს პასუხი კითხვაზე, რომ არა, ისინი ამ კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით არავითარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ.
პირდაპირ ამბობს ეს ხალხი, რომ ჩვენ გვინდა ან ხელისუფლება, ან მართლმსაჯულების კონტროლი. პარტნიორულ ქვეყნებს შორის დასანქცირების ენაზე საუბარი, ბუნებრივია, მიუღებელია. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ განწყობილი ვართ პარტნიორული ურთიერთობისთვის, ისინი განწყობილები არიან ან ომში ჩართვის მოთხოვნით, ან მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარების მოთხოვნით, ან მოსამართლეების დასანქცირების მოთხოვნით. ოპოზიციამ, ოღონდ რაიმე ნეგატიური ნახოს საქართველოსთან მიმართებაში, იმას ჩაეჭიდება ხოლმე. შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არამხოლოდ უსამართლო, არამედ ძალიან დიდი შეცდომა იყო,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
მოსამართლეების კლანის წევრების დასანქცირება არის პირდაპირი ძლიერი სიგნალი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისთვის, რომ შემდეგი იქნება ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ხაზგასმა რაზე მოახდინა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მთავარი იყო, ვინც საჯარო უფლებამოსილებას იყენებს კერძო მიზნებისთვის, კორუფციისთვიის, ეს იყო აქცენტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ყველაზე მეტად ვინც იყენებს საჯარო უფლებამოსილებას კერძო ინტერესებისთვის, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლება“.
საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი მოსამართლეები, სწორედ ამ გზის ერთგულებისთვის დიდი მადლობა პარტნიორებს და ამ გზის ერთგულებისთვის იქნება ზუსტად ეს საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერა ტესტი იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირება გამოყენებული იქნება, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, არამედ ყველა საქმეზე, სადაც პოლიტიკური დევნის ნიშნები იკვეთება.
მისი თქმით, ადვოკატების მიერ ყველა მექანიზმი, რომელიც არსებობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, გამოყენებული იქნება.
დიმიტრი გვრიტიშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა და უმოკლეს ვადებში მოსამართლეებთან შეხვედრა მოითხოვა. საუბარია აშშ-ის მიერ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილის მოსამართლის დასანქცირების თემაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ დასანქცირებულ მოსამართლეებს სხვა კოლეგებისგან განსხვავებული არაფერი გაუკეთებიათ.
ჩვენო ამერიკელო მეგობრებო, ველოდებით კორუფციული ფაქტების წარმოდგენას და სანდო წყაროებისგან კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკის მოსმენას, სხვა შემთხვევაში დღევანდელი გადაწყვეტილება აღქმული იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობად, – წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
ძალიან მნიშვნელოვანია გაჟღერდეს კონკრეტული საფუძვლები, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება და რის საფუძველზე იქნა მიღებული – ამის შესახებ მოსამართლეთა სანქრიცერბის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას და უკვე დავინახეთ, რომ კონკრეტული რევანშისტული და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებულია პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს შეიქმნას საგამოძიებო კომისია მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ საკითხზე, პირველ რიგში, კომუნიკაცია იქნება სტრატეგიულ პარტნიორებთან, შემდეგ კი გადაიდგმევა შემდგომი ნაბიჯები.
“ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საგამოძიებო კომისია და შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ამის ინიციატორი, არავის შეხსენება არ გვჭირდება. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯსაც, დიდი ალბათობით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ასე რომ, არაფერს არ გამოვრიცხავ.
ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. ფაქტობრივად ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს. ეს ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არაფერში არავის არ წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება – ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა ნათელი,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განცხადება, ბრალდება, რომელსაც სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის გარდა, სხვა დატვირთვა არ გააჩნია, ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია, ხალხში დაიკარგოს კონკრეტული მოსამართლეების სანდოობის ხარისხი , – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მიქაბერიძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სანქციებს.
მოსამართლის თქმით, აბსოლუტურად იზიარებს კოლეგების პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ამბობს ,რომ დღეს არსებული მდგომარეობით, ინფორმაციას, რაც მოისმინეს სანქციების დაწესების თაობაზე, საფუძველი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.