მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვი ვალერი მელაძეს უკრაინის არმიის შესაძლო დაფინანსების გამო შეამოწმებენ

მოსკოვის პროკურატურა მომღერალ ვალერი მელაძის შემოწმებას დაიწყებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დაფინანსების საქმეზე. ამის შესახებ სააგენტო „ტასსი“ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს თანახმად, შემოწმების ჩატარების ინსტრუქცია რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს.

მარტში საზოგადოებრივი ორგანიზაციის, “უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური პროექტის” ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურორს მიმართა მომღერლის შემოწმების თხოვნით. მისი ვარაუდით, მელაძის კონცერტებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ირიცხებოდეს.

მომღერალ ვალერი მელაძეს არაერთხელ გაუკრიტიკებია უკრაინაში რუსეთის შეჭრა.მომღერლის გარშემო სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე მისდამი მიმართვას: Слава Україні! უპასუხებს: Героям слава! რუსული მედიის ინფორმაციით, ვიდეო, სავარაუდოდ, დუბაიშია გადაღებული. მელაძემ თავის ინსტაგრამზე დააზუსტა, რომ ყველა ომის წინააღმდეგია. ის წერდა, რომ არ ცდილობს ვინმეს ასიამოვნოს და უკვე ათი თვეა ცხოვრობს „სიმძიმის გრძნობითა და მწუხარებით“, რადგან მისი “საყვარელი ერები კონფლიქტში არიან, რომელშიც ადამიანები იღუპება”.

ამის შემდეგ არტისტს პრობლემები შეექმნა. მისი დაგეგმილი კონცერტები რუსეთში არაერთხელ გაუქმა “ტექნიკური მიზეზებით”. დუმის დეპუტატმა სერგეი მირონოვმა მელაძისთვის რუსეთში ყველა წოდების ჩამორთმევა მოითხოვა, ხოლო რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს უწოდებს “პირუტყვობას”, “სიმახინჯეს” და “ღალატს” მან განაცხადა, რომ მომღერალს რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან.

ბათუმში დაბადებული პოპმუსიკოსი ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, არ აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერთა შორის, რის გამოც კრემლისთვის არასასურველთა “შავ სიაში” შეიყვანეს.

ვალერი მელაძე რუსეთის დამსახურებული არტისტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტია. 2005 წელს მან ასევე მიიღო “ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის” წოდება – უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მისი ძმა, კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button