ომბუდსმენი ენგურის ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. კერძოდ, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით.
ე.წ. გამშვები პუნქტების, ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს.
მისივე განცხადებით, ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე.
როგორც სახალხო დამცველის მიერ დღეს, 7 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საყურადღებოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები უმეტესად დღესასწაულებს ემთხვევა.
„ე.წ. გამშვები პუნქტების, რომლებიც ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას“, – წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მგზავრთა გადაადგილება 7 აპრილს, დილიდან შეზღუდა. ცვლილება შეეხო ე.წ. საზღვართან ამჟამად მოქმედ ორივე გამშვებ პუნქტს. ერთი მათგანი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოშია, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება და მეორე ენგურის ხიდზე, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს. საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ორმხრივად ჩაიკეტა. ენგურის ხიდზე კი ცალმხრივად გადაადგილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ სამეგრელოში არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ აფხაზეთში დაბრუნდნენ. გამონაკლისის სახით ორივე მიმართულებით გადაადგილებას ახერხებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, „საოკუპაციო ძალის აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მორიგ აქტს და აუარესებს, როგორც ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების გარემოს“.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი: ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან – ენგურის ხიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან – საბერიო-ფახულანის.
……………..