ავდიივკასა და მარინკას მახლობლად ოკუპანტები ყოველდღიურად 400-მდე ჯარისკაცს კარგავენ

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას მახლობლად შეტევებს აძლიერებს.
“რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენებას დონეცკის მიმართულებით, კერძოდ, დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკასა და ავდეევკას მახლობლად, მინიმალური შედეგებით”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, ბოლო 7 დღის განმავლობაში რუსეთმა, სავარაუდოდ, გაზარდა ჯავშანტექნიკის რაოდენობა დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას მახლობლად, რომელიც დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს.
“რუსეთი აგრძელებს დონეცკის ფართო სექტორში ოპერაციების რესურსების პრიორიტეტიზაციას, მარინკასა და ავდეევკას ტერიტორიების ჩათვლით, ხარჯავს მნიშვნელოვან რესურსებს მინიმალური შედეგების მისაღწევად”, – ნათქვამია განცხადებაში.
მარტის ბოლოს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდნენ ჯავშანტექნიკაში ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას და იქ მნიშვნელოვან პროგრესს არ აღწევდნენ.
რუს სამხედროებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და მარინკას მახლობლად “კოლოსალური დანაკარგები” აქვთ – ამბობს უკრაინის სამხედრო სპიკერი. ოლექსი დმიტრაშკოვსკის ინფომრაციით, ოკუპანტები აქ ყოველდღიურად 400-მდე ჯარისკაცს კარგავენ.
უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 2 დასახლება დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხარკივის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიჭრა ერთი მამაკაცი – ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოლქში, ასევე, ნაღმის გააქტიურების შედეგად, დაშავდა ერთი მოქალაქე.
რუსული ჯარის მიერ დონეცკის ოლქის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვისას 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს. შეტევა განხორციელდა 4 საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, საბრძოლო მასალის საცავზე და ომის 5 რადიო-ელექტრონულ სადგურზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 26 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა. გენშტაბის ინფორმაციით, ეს-300 ტიპის 2 რაკეტა მოხვდა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს და 2 – საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ქალაქ ზაპოროჟიეში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ზაპოროჟიეში დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 60-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 58 შეტევა. გენერალური შტაბის თანახმად, სასტიკი ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში, სადაც ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი იერიში. გენშტაბის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლა გრძელდება ავდეევკისა და მარინკის რაიონებშიც, სადაც მოგერიებულია 20-ზე მეტი შეტევა.