პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კორექტირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გატანამდე ვენეციის კომისიას განსახილველად კვლავ გაეგზავნება.
კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში რამდენიმე ცვლილება აისახა.
ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს.
კორექტირებული კანონპროექტის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას იწყებს საკუთარი ინიციატივით, ან მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.
“ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ პროცედურის პოლიტიკისაგან დაცვლა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ – პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცემა, რომელიც შექმნილია 12- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, საკითხი სრულად დეპოლიტიზირებული იქნება”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიების და ასევე, დემონსტარციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.
გარდა ამისა, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება.
პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება.
პარლამენტში გრძელდება დეოლიგარქიზაციის შესახებ ორ კანონპროექტზე მსჯელობა, დღეს ორივე ინიციატივა განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
ცნობილია, რომ პირველი მოსმენით გადის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობას ითვალისწინებს. ინიციატივას არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა, რომელიც თავის მხრივ უკრაინული მოდელის ავტორია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ენმ-ის კანონპროექტს არ ეწინააღმდეგება.
“მე არ ვეწინააღმდეგები “ნაციონალური მოძრაობის” კანონს, იქ არის კრიტერიუმები და ერთ-ერთი სწორი კრიტერიუმი არის ფინანსური რესურსის გამოყენებით ხელისუფლებაზე გავლენა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ოლიგარქთან მუშაობის ფაქტით. მე არ მაქვს ილუზია, რომ დეოლიგარქიზაცია მოხდება ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” ჩამოშორების გარეშე,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კომიტეტზე, თავიანთი დოკუმენტის შინაარსზე ისაუბრეს:
“შესაძლებლად მიგვაჩნია ეს საკითხი გავითვალისწინოთ კონსტიტუციაში, გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი იყოს. გთავაზობთ ოლიგარქიული მმართველობის შემდეგ მცნებას – ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სისტემას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთპარტიულობა. 6 კრიტერიუმიდან ერთობლივად 3 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც შეიძლება ოლიგარქის სტატუსი მიენიჭოს, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ შესაბამის ზეგავლენას უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზე,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბეჟაშვილი.
მმართველი გუნდის წევრებმა დოკუმენტის კონკრეტულ ნაწილებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დოკუმენტში მოცემული საკითხები, სამართლებრივი ანომალიაა და თავდაყირა აყენებს ხალხის ნების გამოხატულების ყველაზე მარტივ პრინციპებს:
“ერთპარტიულობა არ არის დემოკრატიული მმართველობის ფორმა? ერთპარტიული გადაწყვეტილებები არის ნორმა, მათ შორის ამერიკის სენატში. გამოდის, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილება იქაც ოლიგარქიული გადაწყვეტილებაა. სამართლებრივი ანომალიაა ეს და თავდაყირა აყენებს ხალხის ნების გამოხატულების ყველაზე მარტივ პრინციპებს,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
”ხალხის ძალის” დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი ხელს უშლის 12 პუნქტის შესრულებას:
“თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი პრაქტიკულად ხელს უშლის იმას, რომ 12 პუნქტის შესრულების პროცესში, ევროკომისიამ თქვა, რომ უკვე ნათქვამი რაც აქვთ უკრაინის კანონზე, რომ ეს არის კარგი კანონი. ჩვენ ახალი ველოსიპედი რატომ გამოვიგონოთ,”- პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.