კრემლის ლიდერი ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო შტაბებს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს, თუმცა მისი ვიზიტის თარიღს არ მიუთითებს.
“ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკის, დნეპრის ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ლიდერების მოხსენებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხერსონის ოლქში რუსეთის ჯარების „დნეპრის“ დაჯგუფების, ლუგანსკში ეროვნული გვარდიის „აღმოსავლეთის“ შტაბები მოინახულა და რუს სამხედროებს აღდგომა მიულოცა.
უკრაინის ხელისუფლებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის დაუზუსტებელია, როდის იმყოფებოდა პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თუმცა რუსული ოპოზიციური გამოცემა, Agency სოციალურ ქსელებში და Telegram-ებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ ხერსონში და ლუგანსკის ოლქში წინა კვირას, ჯერ კიდევ აღდგომამდე შედგა.
ჟურნალისტები ამ დასკვნამდე ვიდეოს გაანალიზების შემდეგ მივიდნენ, რომელიც პუტინის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს თუ როგორ აძლევს პუტინი იქ მყოფ ჯარისკაცებს ხატების ასლებს, შემდეგ კი მათ ეუბნება “ახლა აღდგომა იქნება არა?”
Agency წერს, რომ სააღდგომის ლიტურგიას 16 აპრილს პუტინიც ესწრებოდა. მისი პრესმდივნის, პესკოვის მტკიცებით კი პუტინი ოკუპირებულ რეგიონებში 17 აპრილს იმყოფებოდა.
პესკოვმა პუტინის სიტყვებიც განმარტა:
“ეს გუშინ იყო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა როცა ჯარისკაცებს ხატები აჩუქა, მან თქვა რომ ახლა აღდგომა გვქონდა. მაგრამ, სინამდვილეში ფაქტი ის არის, რომ ჩვენ აღდგომას 40 დღის განმავლობაში აღვნიშნავთ და განსაკუთრებით აღდგომის კვირას. ეს უბრალოდ მცდარია. მათ ამოგლიჯეს ეს ფრაზა და მაშინვე დაიწყეს ისეთი ჰიპოთეზების შექმნა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. ეს ვიზიტი გუშინ გაიმართა,” – ამბობს პესკოვი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო თითქმის იმ წამსვე წაიშალა და თავიდან აიტვირთა. ვიდეოში რომელიც საიტზე ახლა დევს, პუტინის მიერ ნათქვამი წინადადებიდან ამოღებულია ფრაზა “იქნება”.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით – პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ “მნიშვნელოვანია” მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.
TASS აღნიშნავს, რომ ეს ხერსონის ოლქში პუტინის პირველი ვიზიტია და მას რუსეთის ფედერაციის “ახალ რეგიონად” მოიხსენიებს. რუსული სახელისუფლებო მედია მიუთითებს, რომ ბოლოს ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს 19 მარტს ეწვია, კერძოდ, იმყოფებოდა მარიუპოლში.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსულ სამთავრობო მედიაში და კრემლის ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პუტინი ოკუპირებული ხერსონისა და ლუგანსკის ოლქში სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდა, სადაც იქ რუს ჯარისკაცებს შეხვდა.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.