ომში მყოფი პრეზიდენტი ავდიივკაში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რაიონში,ქალაქ ავდიივკაში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა სადაც მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს და უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა– ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა 18 აპრილს, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ხერსონისა ლა ლუგანსკის ოლქებში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ზელენსკიმ მოინახულა არმიის პოზიციები ავდეევკასთან, რომელიც ბახმუტთან და მარიინკასთან ერთად ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა რუსეთის ჯარების იერიშებისა, რომლებიც უკრაინის არმიის მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა, აცხადებს პრეზიდენტის ოფისი.
პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა დონეცკის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაურის ანგარიში ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ.
ზელენსკი შეხვდა სამხედრო მოსამსახურეებს, მადლობა გადაუხადა მათ გაწეული სამსახურისთვის და სამხედრო ჯილდოები გადასცა მათ, იტყობინება უწყება. სამხედროებმა კი უკრაინის ლიდერს სამხედრო მონეტა გადასცეს 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სიმბოლოებით.
„მაქვს პატივი, ვიყო აქ და მადლობა გადაგიხადოთ სამსახურისთვის, ჩვენი მიწის, ჩვენი უკრაინის, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის. გილოცავთ დღესასწაულებს, აღდგომას და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეული უკრაინელისგან იმ გრძელი და რთული გზისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღე გადიხართ“, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე მებრძოლ სამხედროებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის კუთვნილ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, მიხაილო პოდოლიაკმა დაწერა ტვიტერში, პუტინი მოგზაურობს „ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა უკანასკნელად დატკბეს თავისი დამქაშების ბოროტმოქმედებებით.“
კრემლის მიერ გავრცელებული კადრების დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით შემოწმება ვერ ხერხდება.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინის ვიზიტი 17 აპრილს შედგა.