მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“.

“დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას, თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ, ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.

სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა, კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, – წერს ღარიბაშვილი.

თბილისის მერი, კახა კალაძე “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 11 წელს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

მისი შეფასებით, როდესაც “ქართული ოცნება” დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება. ”

“2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
11 წლის წინ, როდესაც “ქართული ოცნება” დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება.

დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.

“ქართული ოცნების” პრინციპები უცვლელია – ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.
ვულოცავ დღევანდელ დღეს “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების,” – წერს კალაძე.

“ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.

“ეს 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს:

“ქართული ოცნების” ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება;

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი;

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს;

2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება;

ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა;

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს;

მადლობა მინდა გადავუხადო “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button