მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 50-ზე მეტი იერიში 4 მიმართულებით მოიგერიეს

აფეთქების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ოკუპირებულ მელიტოპოლში. დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება. დაშავდნენ სამოქალაქო პირები.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 50-ზე მეტი იერიში 4 მიმართულებით მოიგერიეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 3 სარაკეტო და 30 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს დრონებითაც ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება. უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 4 ირანული დრონი ჩამოაგდეს, ასევე, 700 ზე მეტი ოკუპანტი გაანეიტრალეს.
“ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცეველებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პრიორიტეტები უცვლელია: ტერიტორიების დეოკუპაცია, ხალხისა და მიწების დაბრუნება რუსული ტყვეობიდან. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, სწორედ ამ ამოცანის შესრულებისკენ არის მიმართული სახელმწიფო რესურსები.

“ჩავატარე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. მუდმივად და ყურადღებით ვაანალიზებთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობას, ყველაზე ცხელ და პოტენციურად ყველა საშიშ ზონას. ფრონტის ხაზი პრიორიტეტია. აქტიურად ვამზადებთ ახალ ბრიგადებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე უნდა გამოჩნდნენ. უკრაინაში ყველამ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ჩვენი მიწების დაბრუნება და ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან დახსნაა. სახელმწიფო რესურსები, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ამოცანისკენაა მიმართული. ყურადღება გავამახვილეთ რამშტეინის ფორმატში კომუნიკაციაზე. მადლობას ვუხდი იმ პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევა სრულად შეესაბამება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას და საჭიროებებს,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა მათგან 680 ბოლო ერთ დღეში. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 22 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3672
ჯავშანტექნიკა – 7130
საარტილერიო სისტემა – 2832
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 539
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 289
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 293
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2398
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5718
სპეცტექნიკა – 337
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button