მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მძიმე ბრძოლები ბახმუტის გასათავისუფლებლად

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტში დაძაბული ვითარებაა და იქ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.
სირსკის თქმით, წარუმატებლობის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს და ამისთვის ყველა არსებულ საშუალებას და ძალას იყენებს.
“ბახმუტის რამდენიმე დასახლებაში მოწინააღმდეგის შეტევითი ოპერაციები ჩაიშალა… ჩვენი მებრძოლები ბახმუტში ახორციელებენ არა მხოლოდ თავდაცვით მოქმედებებს, არამედ აქტიურ კონტრშეტევას”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
უკრაინის ცნობით, რუსული ძალები თვეზე მეტია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ამასთან, რუსულ არმიას დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინული მხარე იტყობინება, რომ ქალაქში მტერს გარკვეული წარმატება ჰქონდა.
უკრაინას არ შეუძლია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან მისმა ხელში ჩაგდებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას რუსეთს კრამატორსკსა და სლავიანსკში წინსვლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე, რადგან ეს გამოიწვევს საომარი მოქმედებების ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარს შესაძლებლობას მისცემს, დაიპყროს ჩვენი მიწების უფრო დიდი ნაწილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია კონტრშეტევისთვის ემზადება და უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. მან ასევე განაცხადა, რომ მის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება. ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერით ისინი საკუთარ თავსაც ეხმარებიან.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველას ესმის, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჩერება.

ბოლო ამბები უკრაინიდან – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 2 დასახლებას ცეცხლი ქვემეხებიდან გაუხსნეს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს დნიპროპეტროვსკის ოლქს, დაშავდა 3 ადამიანი.
დაიბომბა ხერსონის ოლქი – არის მსხვერპლი. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიაშიც. საჰაერო განგაში ოლქში შუაღამის 3 საათისთვის ამოქმედდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში სტანციას დასახლებაში, დაქირავებულ ვაგნერის ჯგუფსა და რუს ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა, არის მსხვერპლი.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იტყობინება, რომ აშშ-ის მიერ გადაცემული “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას რუსული თავდასხმებისგან უკვე აქტიურად იცავს.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, გუშინ რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.
პროკუდინის თქმით, რუსული არმიის მხრიდან ხერსონის რეგიონის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერმა ხერსონს სამჯერ ესროლა.
“რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში, ბელოზერსკის თემის დასახლების საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე. რუსული აგრესიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
23 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასული დღის განმავლობაში, მტერმა რეგიონს 54-ჯერ ესროლა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქს ნაღმტყორცნებით ურტყამდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button