სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა

საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით განხორციელდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდა ხარტუმიდან მშვიდობის მოქალაქეების წარმატებულად დასრულებულ საევაკუაციო ოპერაციაში.
„შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებულია უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად საავიაციო სპეციალისტები – პილოტები, ტექნიკოსები და მათ ოჯახის წევრები. ასევე ევაკუირებულია საქართველოს და პერუს მოქალაქეები. მთლიანობაში 138 მოქალაქე, მათ შორის 25 ქალი და 12 ბავშვი“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რადიო თავისუფლება ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებთან, მათი ოჯახების წევრებთან და დამქირავებელ ავიაკომპანიასთან ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად “საქართველოს მოქალექეების გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევით და დაგეგმვით”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციის პირველი ფაზა. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დღეს, 25 აპრილს, დილით განაცხადა, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან გაყვანილი მოქალაქეები სუდანი-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან და მათ გადაიყვანენ ეგვიპტის ტერიტორიაზე, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრებიან.
15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.
მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს.
ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ – გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.
ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.
ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.